ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014

ფანჯიკიძე: ადგილობრივი არჩევნები OSCE/ODIHR-ის კომპეტენციაში არ შედის

radiotavisupleba.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, შესაძლოა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლები არ გამოგზავნოს. მისი თქმით, ადგილობრივი არჩევნები OSCE/ODIHR-ის დამკვირვებლების კომპეტენციაში არ შედის. ამის შესახებ ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ უთხრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ დამკვირვებლებს მოწვევა 2013 წლის ბოლოს გაუგზავნა.

"შემდეგ, როდესაც სავარაუდო თარიღი ცნობილი იყო, უკვე გავაგზავნეთ კონკრეტული თარიღით მოწვევები. გამოხმაურება ჯერჯერობით, არ გვქონია. თუმცა, ერთი რამ ვიცით, რომ შეიძლება, ODIHR-მა არ გამოაგზავნოს დამკვირვებლები, რადგან ეს არის ადგილობრივი არჩევნები და არ შედის მათ კომპეტენციაში. გარდა ამისა, იმასაც აქვს მნიშვნელობა, რომ საქართველოს პრესტიჟი არის ამაღლებული, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აქვს ნდობა და აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ იმდენი დამკვირვებელი ამ არჩევნებზე არ ჩამოვა, რამდენიც ჩამოვიდა წინაზე" - განაცხადა ფანჯიკიძემ.

აღსანიშნავია, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) აკვირდებოდა საქართველოს როგორც 2010 წლის, ისე 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.

კომენტარები