წინასაარჩევნო მორატორიუმი

ენმ პრემიერს: მორატორიუმი ცხადდება თუ არა კვერცხების სროლასა და მუშტი-კრივზე?

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, აპირებს თუ არა მთავრობა ენმ-ის აქტივისტებზე თავდასხმებზე მორატორიუმის გამოცხადებას. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქამდე, "სამართალდამცავები და პარტიულ-კრიმინალური აქტივისტები ერთდროულად ახორციელებდნენ ზეწოლას ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე". ბეჟაშვილმა ასევე წარმოადგინა ფოტომასალა, რომლებზეც, მისი თქმით, 10 აპრილს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ნაციონალური მოძრაობის შეხვედრების ძალადობრივი ჩაშლის ორგანიზატორები არიან გამოსახულები.

"ჩვენ გვინდა მივმართოთ პრემიერს, გასაგებია, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ზეწოლაზე გამოცხადდა მორატორიუმი, მაგრამ გვაინტერესებს, აპირებს თუ არა ასევე მორატორიუმის გამოცხადებას პარტიული და კრიმინალური დაჯგუფებების მხრიდან ჩვენს წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაზე? მორატორუმი ცხადდება თუ არა კვერცხების სროლაზე, მუშტი-კრივზე და ა.შ.? ჩვენ ასეთი პროცესები გვაბრუნებს 90-იან წლებში, როცა პარტიული განხვავებების მიხედვით ხდებოდა ადამიანების დაყოფა, დაჯახება, პარტიის წევრების დაჯახება და ხელისუფლება პასიურ როლს ასრულებდა. ახლაც, მიუხედავად პარტიულ-კრიმინალური დაჯგუფებების მხრიდან თავდასხმებისა, პოლიცია გამოირჩევა აბსოლუტური უუნარობით და უმოქმედობით და არ ცდილობს ასეთი თავდასხმების და ზეწოლების აღკვეთას", - აცხადებს ბეჟაშვილი და აღნიშნავს, რომ "გასული კვირის მანძილზე, მოწმეები გავხდით ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე, როგორც მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე, მასშტაბური შეტევის, რომელიც იმართებოდა, ერთი მხრივ, შსს-ს და, მეორე მხრივ, ქართული ოცნების მხრიდან".

ბეჟაშვილის მიერ წარმოდგენილ ფოტომასალაზე, მისი თქმით, არიან თელავის ინციდენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიორგი ჟურული, რომელიც ბეჟაშვილის ინფორმაციით, მკვლელობისთვის არის ნასამართლევი. ასევე, არჩილ მაისურაძე, მეტსახელად "სტარიჩოკა", დავით მეგუთნიშვილი, მეტსახელად "ტაშტი" - ქართული ოცნების აქტივისტი და წალენჯიხის კოორდინატორი.

"ასეთი ნახევრადკრიმინალური პარტიული დაჯგუფებების მეშვეობით ხდება სამართალდამცავებთან ერთად, ჩვენს აქტივისტებზე ზეწოლები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა", - აღნიშნავს ბეჟაშვილი. 

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო დაკავებებზე მორატორიუმი ცხადდება. ღარიბაშვილმა სამართალდამცავებს მოუწოდა, თავი შეიკავონ იმ ადამიანების დაკავებისგან, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი. პრემიერის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სამართლიანად და დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს.

შეგახსენებთ, რომ 10 აპრილს, თელავში, თბილისში, ანაკლიასა და წყალტუბოში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შეკრებილმა მოქალაქეებმა დაგეგმილი ღონისძიების ჩატარების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოსულ გიგი უგულავას კი, კვერცხები ესროლეს. ასევე, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პირებმა 9 აპრილის მემორიალთან არ მიუშვეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, ხოლო 7 აპრილს, ახალციხეში ენმ-ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს გიგი უგულავას კვერცხები დაუშინეს. 

კომენტარები