რუსული ოკუპაცია

პრეზიდენტი: შემაშფოთებელია, რომ მავთულხლართების გავლება რეგულარული გახდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მავთულხლართებისა და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ქართული მხარე საერთაშორისო თანამეგობრობას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. მისი თქმით, "ფაქტებმა, სამწუხაროდ, რეგულარული ხასიათი მიიღო და ეს შემაშფოთებელია". როგორც პრეზიდენტმა ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ამას არ უკავშირებს რაიმე კონკრეტულ პოლიტიკურ მოვლენას.

"მაგრამ მუდმივად გამოვხატავთ პროტესტს და ვცდილობთ, ჩვენი ევროპული არხების მეშვეობით გავაგებინოთ მოსკოვს, რომ სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის საჰაერო სივრცის დარღვევა არ მატებს პატივს და არ წერს მას ცივილიზებულ ქვეყანათა სიაში. ხალხი, რომელიც გეგმავს მავთულხლართების გავლებას, ამას იმისთვის აკეთებს, რომ პრობლემები შეუქმნას იმ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სრულიად ბუნებრივი სურვილი მივიდნენ წინაპრების საფლავებთან, ან ადგილობრივ ეკლესიაში. ჩვენ გვაქვს ერთი მექანიზმი, რომელსაც ძალიან აქტიურად ვიყენებთ - ეს არის ამ საკითხის წამოწევა მსოფლიო თანამეგობრობის ყველა ფორუმზე, სადაც ყურადღებას ვამახვილებთ იმის შესახებ, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციის  სრულიად უკანონო მცდელობა, ხელი შეუშალოს ერთა შორის პრობლემებისა და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. მავთულხლართებს იმიტომ ავლებენ, რომ ჩვენთან პრობლემა გვარდება და ადამიანები ერთმანეთთან კავშირს პოულობენ. სწორედ ამას უშლიან ხელს. ეს არის სტრატეგია კონფლიქტის მოგვარების წინააღმდეგ, რაც, თავის მხრივ, არის როგორც ეუთოს, ისე გაეროს სულისკვეთებისა და დეკლარაციების წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი საერთაშორისო დანაშაული“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვში ქართველი ჟურნალისტები დააკავეს. დაკავებულია ტელეკომპანია TV3-ის გადამღები ჯგუფი – ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი.

ამასთან, გორის რაიონის სოფელ აძვის მოსახლეობა აღდგომის დღეებში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შესვლას ითხოვს. ეკლესია საოკუპაციო ხაზს მიღმა რამდენიმე თვის წინ მოექცა და ადგილობრივები მასში შესვლას ვერ ახერხებენ. დღეს აძვში იმყოფებოდა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, რომელმაც ხელისუფლებას დახმარება სთხოვა.

10 აპრილს კი, რუსული AN-2 ტიპის თვითმფრინავი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მიმართულებიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში შემოიჭრა და ზუგდიდის რაიონის სოფ. შამგონასა და ხურჩაში განლაგებულ შსს-ს საგუშაგოებს გადაუფრინა. თვითმფრინავმა იმავე დღეს, კვლავ დაარღვია ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე და ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონის სოფლებს, შამგონას, ხურჩას, რუხსა და ფახულანს გადაუფრინა.

კომენტარები