შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია

შსს-ის გენინსპექციის უფროსმა ზვიად ჯანყარაშვილმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ზვიად ჯანყარაშვილმა თანამდებობა დატოვა. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ არ სურს "ადგილი ჰქონდეს ხელახალ სპეკულაციებს ქვეყნის პრემიერმინისტრთან ნათესაობის თემაზე".

"კოალიცია ქართული ოცნების ჩამოყალიბების პირველივე დღეებიდან ჩემს მოქალაქეობრივ ვალად მიმაჩნდა გვერდში დავდგომოდი კოალიციას და მონაწილეობა მიმეღო იმ ბრძოლაში, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო სააკაშვილის რეჟიმისაგან ქვეყნის გასათავისუფლებლად.

არჩევნებში ჩვენი პოლიტიკური ძალის გამარჯვების შემდეგ, მე ჩავდექი სახელმწიფო სამსახურში. მე ერთგულად ვემსახურე საერთო საქმეს და პირნათელი ვარ ჩვენი ქვეყნის წინაშე. გარდამავალ პერიოდში მე ვეხმარებოდი და ერთგულად ვედექი გვერდში მთელ პოლიტიკურ გუნდს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს.

დღეს, როდესაც უკვე გარდამავალი ეტაპი დასრულებულად შეიძლება ჩავთვალოთ და მასთან დაკავშირებული სიძნელეები გადალახულია, ასევე, ოფიციალურად გამოცხადდა წინასაარჩევნო პერიოდი, საჭიროდ ვთვლი, დავტოვო თანამდებობა, რადგან არ მინდა ჩემმა ყოფნამ ამ თანამდებობაზე გამოიწვიოს უხერხულობა, საზოგადოებაში დარჩეს რაიმე სახის შეკითხვა, ადგილი ჰქონდეს ხელახალ სპეკულაციებს ქვეყნის პრემიერმინისტრთან ნათესაობის თემაზე და ამით ხელი შეეშალოს იმ დიდ საქმეს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უდგას სათავეში ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ", - წერია ჯანყარაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად, შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილი ზვიად ჯანყარაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა. მანამდე ის, სიღნაღში, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

კომენტარები