ჟურნალისტების დაკავება

ომბუდსმენი: ჟურნალისტთა უკანონო დაკავებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება

ombudsman.ge

საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს სოფელ აძვში TV3-ის ჟურნალისტ ბელა ზაქაიძის, ოპერატორ ბახო ლეკიაშვილისა და ტექნიკური თანამშრომლის მიხეილ მიხოევის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით.

"სამწუხაროა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო პირთა დაკავების ფაქტები რუსი სამხედროებისა თუ დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენს. მიუხედავად მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებებისა, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის მანკიერი პრაქტიკა, ოკუპირებული ტერიტორიების დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ რუსი სამხედროების მხრიდან, ინტენსიურად გრძელდება. ჟურნალისტთა თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება", - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მიმართონ ყველა შესაძლო ზომებს დაკავებული ჟურნალისტების უსაფრთხოდ და დაუყოვნებლივ გათავისუფლებისათვის.

რატიანის ინფორმაციით, TV3-ის გადამღები ჯგუფის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს.

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვში ქართველი ჟურნალისტები დააკავეს. TV3-ის ცნობით, გადამღები ჯგუფი სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყო ჩასული, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს.

კომენტარები