თვითმმართველობის არჩევნები

წულუკიანი: როცა ვიღაცას ვესვრით კვერცხს, ხვდება ჩვენს უკეთეს მომავალს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართა და მოუწოდა, ყველა საარჩევნო სუბიექტს კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება მისცეს. მისი თქმით, ასეთი ქმედებები ქვეყნის მომავალზე აისახება. აღნიშნული მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

"უმორჩილესი თხოვნაა, რომ თითოეულმა მოქალაქემ გაითავისოს დემოკრატიის ერთი მარტივი პრინციპი – არჩევნები არის შეჯიბრი. ყველა კანდიდატს უნდა მიეცეს საშუალება, თავისუფალ პირობებში აწარმოოს ერთმანეთთან შეჯიბრი ანუ საარჩევნო კამპანია. მინდა, ყველა იმ სამოქალაქო დაჯგუფებას თუ მოქალაქეს, რომელიც გამოდის და ისვრის კვერცხებს, შეურაცხყოფს კანდიდატებს ან პოტენციურ კანდიდატებს, ესმოდეთ, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებს შორის დგას ქვეყანა, მისი დემოკრატიული მომავალი და როცა ჩვენ ვიღაცას ვესვრით კვერცხს, ეს იმ ვიღაცას კი არ ხვდება, არამედ ის პირდაპირ სახეში ხვდება ჩვენს უკეთეს მომავალს, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას. ყველამ უნდა დაიჯეროს და გაითავისოს ის, რომ კვერცხის სროლა ამად არ ღირს", - აღნიშნა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, ქვეყანას სჭირდება უფრო მაღალი სტანდარტის არჩევნები, ვიდრე ეს საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში იყო.

კომენტარები