ჟურნალისტების დაკავება

რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული TV3-ის გადამღები ჯგუფი ცხინვალში გადაიყვანეს

radiotavisupleba.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის გოჩა რატიანის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული TV3-ის გადამღები ჯგუფი ცხინვალში გადაიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

"ცხელი ხაზის მეშვეობით მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ჟურნალისტები გადაცემული არიან ცხინვალის დეფაქტო წარმომადგენლებისთვის. ამ დროისთვის ისინი უკვე ცხინვალში იქნებიან", - აღნიშნავს გოჩა რატიანი. მისივე თქმით, ყველა რესურსი მობილიზებულია, რომ ქართველი ჟურნალისტების გათავისუფლება მოხდეს.

"მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. საერთაშორისო თანამეგობრობაც ინფორმირებულია, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ჩათვლით", - თქვა რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვში TV3-ის გადამღები ჯგუფი დღეს დააკავეს. დაკავებული არიან ტელეკომპანია TV3-ის გადამღები ჯგუფის წევრები – ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი.

ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყო ჩასული, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს.

კომენტარები