ჟურნალისტების დაკავება

ბესელია: დაკავებულ ჟურნალისტებზე აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე ისაუბრებენ

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ჟურნალისტების თემა აბაშიძე-კარასინის შეხვედრის მთავარი საკითხი იქნება. მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ტელეკომპანია TV3-ის გადამღებმა ჯგუფმა, რაც შეიძლება მალე  დატოვოს ცხინვალის იზოლატორი.

"მე ვიცი ის, რომ საქართველოს ხელისუფლება - შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს კომუნიკაცია და მოლაპარაკება, რომელიც მიმდინარეობს ჟურნალისტების გასათავისუფლებად, დასრულდეს წარმატებით. დარწმუნებული ვარ, რომ უმოკლეს პერიოდში, ისინი გათავისუფლდებიან. ბუნებრივია, ჩართულები არიან საერთაშორისო ორგანიზაციებიც. ევროკავშირის მისიაც საქმის კურსშია. ჟურნალისტების თემა იქნება დღეს,  აბაშიძე-კარასინი შეხვედრის პირველი და მთავარი საკითხიც. დარწმუნებული ვარ, რომ გაკეთდება ყველაფერი, რომ ჟურნალისტებმა რაც შეიძლება მალე დატოვონ ცხინვალის იზოლატორი", - თქვა ბესელიამ.

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვში ქართველი ჟურნალისტები გუშინ დააკავეს. დაკავებული არიან ტელეკომპანია TV3-ის გადამღები ჯგუფის წევრები – ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი.

ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყო ჩასული, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. ბელა ზაქაიძეს ოკუპანტებმა დარეკვის საშუალება მისცეს. ჟურნალისტის ინფორმაციით, მათ სავარაუდოდ, დღეს გაათავისუფლებენ.

კომენტარები