ზვიად ჯანყარაშვილი

ბესელია: ჯანყარაშვილი მაღალი მორალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე გადადგა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას შეფასებით, ზვიად ჯანყარაშვილმა შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მაღალი მორალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მიიღო. მისივე თქმით, ჯანყარაშვილს კანონით არ ჰქონდა არანაირი სამართლებრივი პრობლემა, ყოფილიყო აღნიშნულ თანამდებობაზე.

"ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმის, რომ ხელისუფლებისთვის და ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებისთვის არსებობს მოტივაცია, სურვილი, განწყობა, რომ დამკვიდრეს მაღალი მორალური სტანდარტები, როდესაც საზოგადოებრივი აზრის განწყობის გათვალისწინებით, საზოგადოებისადმი პატივისცემის ნიშნად, თანამდებობაზე უფრო მნიშვნელოვანია, ამ აზრის გათვალისწინება. ოპოზიციას არ აქვს მორალური უფლება, ილაპარაკოს ასეთ თემებზე. ნაციონალური მოძრაობა იყო სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომლის მთელი სანათესავო დამკვიდრებული იყო ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში და გადანაწილებული ჰქონდათ ყველა სამინისტრო. მე ვფიქრობ, რომ სრულიად საპირისპირო სტანდარტს ვამკვიდრებთ ჩვენ, როდესაც საზოგადოების სულ მცირე ემოციური და მგრძნობიარე დამოკიდებულებაც კი კონკრეტული საკითხების მიმართ, არის რეაგირებული და ბატონმა ჯანყარაშვილმა მიიღო ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი გადაწყვეტილება", - თქვა ბესელიამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ზვიად ჯანყარაშვილმა თანამდებობა გუშინ დატოვა. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ არ სურს "ადგილი ჰქონდეს ხელახალ სპეკულაციებს ქვეყნის პრემიერმინისტრთან ნათესაობის თემაზე".

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად, შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილი ზვიად ჯანყარაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა. მანამდე ის, სიღნაღში, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

2013 წლის მარტში, ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მყოფ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა უწყებაში ნეპოტიზმის შემთხვევებზე ისაუბრა. ნადირაშვილმა მოიყვანა რამდენიმე მაგალითი და განაცხადა, რომ ღარიბაშვილის ნათესავები სხვადასხვა თანამდებობებზე არიან დანიშნულები. ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის დისშვილი ზვიად ჯანყარაშვილი კი გენერალური ინსპექციის უფროსია. ღარიბაშვილმა ამ გამოსვლას არასერიოზული უწოდა და თქვა - "თქვენ არ გსმენიათ, რომ მეუღლის ნათესავი არ არის ნათესავი?". 

კომენტარები