ჟურნალისტების დაკავება

უსუფაშვილი: ჟურნალისტებიც და ყველაც განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, რეგიონსა და მეზობელ სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენაა აუცილებელი. უსუფაშვილი ბიუროს სხდომაზე ჟურნალისტების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრობლემის მოგვარებაში საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართულები. 

"მინდა გამოვეხმაურო ჟურნალისტების საკითხს, რომელიც გუშინ რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს და შემდეგ სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცეს. საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო ორგანიზაცია ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული, თუმცა რამე კონკრეტულის თქმა ამ დროისთვის არ შეიძლება. რაც მთავარია, განწყობა იმედიანია. როგორც ვიცით, დაკავებულები მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იმყოფებიან. ისინი ტელეფონითაც ესაუბრნენ ახლობლებს. ამასთან, მინდა კიდევ ერთხელ ყველას შევახსენო, რომ ურთულესი ვითარებაა მთლიანად რეგიონში და ეს ყველასგან მოითხოვს ყურადღებას და პასუხისმგებლობას. განსაკუთრებით ისეთ ტერიტორიებზე, სადაც პროვოკაციის შესაძლებლობებია. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოვიჩინოთ ამ დღეებში, როგორც ჟურნალისტებმა, ასევე ყველამ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვში ქართველი ჟურნალისტები გუშინ დააკავეს. დაკავებული არიან ტელეკომპანია TV3-ის გადამღები ჯგუფის წევრები – ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი.

ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყო ჩასული, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. ბელა ზაქაიძეს ოკუპანტებმა დარეკვის საშუალება მისცეს. ჟურნალისტის ინფორმაციით, მათ სავარაუდოდ, დღეს გაათავისუფლებენ.

კომენტარები