აგრარული უნივერსიტეტი

აგრარული უნივერსიტეტი: მთავრობა სასწავლებელს 400 000 ლარის წართმევას უპირებს

აგრარული უნივერსიტეტის ინფორმაციით, მთავრობა უნივერსიტეტს 400 000 ლარის წართმევას უპირებს. მათი ცნობით, შეთანხმების მიხედვით, ცოდნის ფონდს 2013 წლის 24 დეკემბრამდე აგრარულ უნივერსიტეტში 8 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, რისი გარანტიაც უნივერსიტეტის თანხა - 400 000 ლარია.

აგრარულ უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ 14 აპრილს შევიდა ეკონომიკის სამინისტროს წერილი, რომლითაც უწყება სასწავლებელს 400 000-ლარიანი გარანტიის გაგრძელებას უკანონოდ სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საგარანტიო თანხის სრულად ჩამოჭრით ემუქრება.

"საგარანტიო ვადის გაგრძელების საფუძველი არ არსებობს, რადგან ფონდმა ამ დროის განმავლობაში მიზნობრივად არა 8 მილიონი, არამედ 11 მილიონ 200 ათას ლარზე მეტი დახარჯა", - აცხადებენ აგრარულ უნივერსიტეტში და აღნიშნავენ, რომ შეთანხმების მიხედვით, 2014 წელს, ეკონომიკის სამინისტროს მიერ დასახელებული 14 აუდიტორული ორგანიზაციიდან უნივერსიტეტს უნდა აერჩია ერთ-ერთი, რომლის დასკვნაშიც გამოჩნდებოდა - განხორციელდა თუ არა შეთანხმების მიხედვით ნაკისრი ვალდებულება 8 მილიონი ლარის ინვესტირებასთან დაკავშირებით.

აგრარული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მეტი გამჭვირვალობისთვის სასწავლებელმა სამი ასეთი ორგანიზაცია დაიქირავა. უნივერსიტეტის ცნობით, სამივემ საკუთარ დასკვნაში დაადასტურა, რომ სასწავლებელში ნამდვილად განხორციელდა იმაზე მეტი ინვესტიცია, ვიდრე ვალდებულებით ჰქონდა აღებული. 

აგრარულ უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ დასკვნები დროულად გადაეგზავნა ეკონომიკის სამინისტროს, რომელსაც კანონმდებლობის მიხედვით იანვრის ბოლომდე უნდა დაედასტურებინა საინვესტიციო ვალდებულების შესრულება.

ეკონომიკის სამინისტრის წერილს მორიგ პოლიტიკურ შეტევად აფასებს აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე. მისი თქმით, სამინისტრომ გამოიჩინა გულგრილობა, გაექცა მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას და არ დაადასტურა უნივერსიტეტის მხრიდან შესაბამისი ინვესტიციის განხორციელება.

"თუმცა, საკუთარი ხარვეზის გამოსწორების ნაცვლად, სასწავლებელს იმ თანხის წართმევას უპირებს, რომელიც აგრარული უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობას ხმარდება და, შესაბამისად, ჩამოჭრის შემთხვევაში აუცილებლად აისახება უნივერსტეტის საქმიანობაზე", - აცხადებს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის მთავრობის პირველი ქმედება, რასაც აგრარული უნივერსიტეტი პოლიტიკურ შეტევად აფასებს. ერთი თვის წინ, პროკურატურამ დაკითხვა უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძე და რექტორი ლაშა გოცირიძე. მთავარი პროკურატურის განცხადებით, საქმე ეხება სსიპ საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით უძრავი ქონების პრივატიზებას. უწყების მტკიცებით, სსიპ სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეორგანიზაციისას, მასთან შერწყმული 14 კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტის ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონება შპს აგრომეტის კაპიტალში წინასწარ შემცირებული ღირებულებით შევიდა, შემდეგ კი, მოხდა შპს აგრომეტის 100% წილის 5 150 000 აშშ დოლარად პრივატიზება 8 000 000 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით.

გარდა ამისა, გასული წლის მარტში, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბით, აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს ავ­ტო­რი­ზა­ცია გაუუქმდა, რასაც სტუდენტებისა და საზოგადოების საპროტესტო აქციები მოჰყვა. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია 26 მარტს აღუდგინეს. საბჭომ უნივერსიტეტის მოთხოვნა გაითვალისწინა და აკრედიტაცია წყვეტის გარეშე, 25-ივე პროგრამაზე აღადგინა.

კომენტარები