წინასაარჩევნო გარემო

ქალდანი: სიის გადაცემამდე, პარტიული აქტივისტებისგან თანხმობა აუცილებელია

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო ბლოკებსა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს მოუწოდებს, უწყებათაშორისი კომისიისთვის აქტივისტების სიის მიწოდებამდე უზრუნველყონ სიაში მყოფი ყველა პირის სათანადო ინფორმირება და მათგან წერილობითი თანხმობის მოპოვება. ქალდანი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პრემიერის მიერ გამოცხადებული მორატორიუმის გამო, კომისია წინასაარჩევნო კამპანიაში უშუალოდ ჩართულ პირთა სიას ითხოვს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი აღნიშნავს, რომ თანხმობა არ სჭირდება სიაში მყოფ იმ პირს, რომელიც ოფიციალურად არის დასახელებული კანდიდატად ან თავად გახადა საჯარო მისი მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში. 

"პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის თანახმად, პირის პოლიტიკური შეხედულება წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს. პოლიტიკურ პარტიებს მათი წევრებისა და აქტივისტების შესახებ შეგროვებული ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემა ეკრძალებათ, პირის თანხმობის გარეშე (საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ 6.3 მუხლი)", - აცხადებს ქალდანი.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პოლიტიკურ პარტიებს სთხოვა, რომ უწყებათაშორის კომისიას აქტივისტების, შტაბების წევრებისა და ხელმძღვანელების სიები წარუდგინონ. მინისტრი იხსენებს, რომ პარტიებს ანალოგიური თხოვნით შარშანაც მიმართა. თუმცა, როგორც წულუკიანი დასძენს, ეს სია ვერ მოემსახურება იმას, რომ პირებმა, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულები არ არიან, სისხლის სამართლებრივ პროცესს თავი აარიდონ.

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო დაკავებებზე მორატორიუმი ცხადდება. ღარიბაშვილმა სამართალდამცავებს მოუწოდა, თავი შეიკავონ იმ ადამიანების დაკავებისგან, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი. 

კომენტარები