თავდასხმა ნუგზარ წიკალურზე

დავით უსუფაშვილი ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს

David Usupashvili Official

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "ვწუხვართ იმ ფაქტის გამო, რაც მოხდა ნუგზარ წიკლაურთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სამართალდამცველებს, გამოძიება მალე დაასრულონ". ამის შესახებ უსუფაშვილმა პლენარული სხდომის მიდმინარეობისას თქვა და აღნიშნა, რომ პარლამენტში დღესაც არიან დეპუტატები, რომლებიც მათზე ძალადობის ფაქტების გამოძიებას წლებია, ელოდებიან.

"კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდან გამოვთქვამ ძალიან მკაფიო მოსაზრებას, რომ ქვეყანაში, სადაც პარლამენტის წევრის ცემის, თუ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი ვერ იქნება დროულად გამოძიებული, ვერც ერთი ჩვენი მოქალაქე ვერ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ. კიდევ ერთხელ მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ეს საკითხი ძალიან სწრაფად გამოიძიონ და ნათელი მოჰფინონ, რა მოხდა ნუგზარ წიკლაურთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქართველოში არ იქნება ისეთი ფაქტები, რომელთა გამოძიებას 9 წელი დასჭირდება. ამას წინათ გაისმა ინფორმაცია, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი მალე გაიხსნება და ეს ყველაფერი 9 წლის შემდეგ. ჩვენ ამ დარბაზში გვყავს პარლამენტის ისეთი წევრები, რომლებიც წლებია, ელოდებიან მათ მიმართ განხორციელებული ვანდალური ფაქტების გამოძიებას. ვისურვებდი, რომ მსგავსი ფაქტები არ გამრავლდეს და რაც შეიძლება მალე იყოს გამოძიებული“, - განცხადა დავით უსუფაშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტის წინაშე კიდევ ერთხელ დასვამს. როგორც ლევან ბეჟაშვილმა პალამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოძიება არც ერთი ნაბიჯით წინ არ წასულა.

"შეიმჩნევა გულგრილობა პროკურატურის და სხვა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, მაშინ როდესაც შეიძლებოდა ვიდეოკამერების ამოღება, მარშრუტის დადგენა, ტაქსის მძღოლის დაკითხვა და შესაბამისი ინფორმაციების მიღება. ხელისუფლება და პროკურატურა ცდილობს ამ საქმის მიჩქმალვას და არ აპირებს საქმის გამოძიებას", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ნუგზარ წიკლაურს თავს 30 მარტს ღამით დაესხნენ. მისი თქმით, სახლთან სამი მანქანით 7-8 ნიღბიანი პირი დახვდა, რომელთაც მისი გატაცება სცადეს. დეპუტატის განცხადებით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს. ნაციონალური მოძრაობა საქმის უმოკლეს ვადაში გამოძიებას ითხოვს. პარტია მომხდარზე პასუხისმგებლობას "ამჟამინდელ მთავრობას, პირადად დე იურე პრემიერ ღარიბაშვილსა და პასუხისმგებლობა გაქცეულ დე ფაქტო მმართველ ბიძინა ივანიშვილს აკისრებს".

ვიცეპრემიერის კახა კალაძის შეფასებით, ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმა "შეიძლება, რაღაც გაუგებრობა იყოს ადამიანებს შორის, იგივე შეიძლება ბატონ წიკლაურს  რაღაც გაუგებრობა ჰქონდა, შეიძლება პირადიც ყოფილიყო". ხოლო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის აზრით, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემა "გამწარებული ხალხის გაკეთებულს უნდა ჰგავდეს".

კომენტარები