რელიგია

დიდი კრემლის წმინდა კრება

9 მარტს, სტამბოლში, ისტორიულ კონსტანტინოპოლში, მართლმადიდებელმა პირველიერარქებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, სადაც თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ საერთომართლმადიდებლური „დიდი და წმინდა კრება" 2016 წელს უნდა ჩატარდეს.

მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებთან რიგში მდგარი თბილისელების ჟრიამულში ჩაკარგული ეს ცნობა, თავისი მნიშვნელობით, შესაძლოა, უკანასკნელი ათასწლეულის განმავლობაში მართლმადიდებელი ეკლესიებისთვის პირველი იყოს.

თუ კრება გაიმართება, ის მართლმადიდებელთა ნაწილის აზრით, რიგით მერვე მსოფლიო საეკლესიო კრება იქნება. მეშვიდე კრება პირველ ათასწლეულში, 787 წელს შედგა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა რომის პაპსა და აღმოსავლეთის ეკლესიებს შორის თანაზიარება არსებობდა. თუმცა მეორე ნაწილი, მათ შორის მოსკოვის პატრიარქი კირილი, მიიჩნევს, რომ დაგეგმილი კრება მსოფლიო არ არის – ის საერთომართლმადიდებლურია.

რაც არ უნდა დაარქვან მას, კრების გადაწყვეტილებები სავალდებულო იქნება თითოეული ეკლესიისა და თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. ამდენად, ის ან უპრეცედენტოა, ან მერვე.

კრების მოწვევის მიზანი ასე აღწერა სტამბოლში მყოფმა ილია მეორემ თავის შესავალ სიტყვაში – „დიდი კრების მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენოს მართლმადიდებელთა ერთობა. ამიტომაც აუცილებელ პირობად მიგვაჩნია, ეს შეკრება ჩატარდეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა მოხდება დღის წესრიგში არსებულ ყველა საკითხზე კონსენსუსის (ყველას თანხმობის) მიღწევა და ყველას ინტერესის გათვალისწინება. ამასთან, კონსენსუსის წესით უნდა წარიმართოს მთავარი შეხვედრაც. ეს არის რეალური გარანტია იმისა, რომ აღნიშნული კრება არ იქცეს ეკლესიათა შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზად და დამაბრკოლებლად მსოფლიოს წინაშე".

მართლმადიდებელთა ერთობის დემონსტრირება გოლგოთის გზაა. მსოფლიო პატრიარქმა თავის შესავალ სიტყვაში განაცხადა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას მსოფლიო დანაწევრებულ სხეულად, ეკლესიათა გროვად აღიქვამს, სადაც სხვადასხვა ავტოკეფალიები თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ვერ თანხმდებიან. დიდი და წმინდა კრების მოწვევა ამ ერთიანობის დემონსტრირებად უნდა ქცეულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, როგორ მიიღებენ მართლმადიდებლები გადაწყვეტილებას, სკეფსისი გაიზარდა.

სტამბოლში, მსოფლიო პატრიარქის რეზიდენციაში შეკრებილი პირველიერარქების შეხვედრისას და მანამდეც, კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოებს შორის მიმდინარეობდა დავა – გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო უნდა ყოფილიყო ყოველი წევრის თანხმობა თუ ისინი უმრავლესობის მხარდაჭერით უნდა მიეღოთ.

მოსკოვის საპატრიარქო მოითხოვდა და, როგორც ვნახეთ, მას საქართველოს ეკლესიაც ეთანხმებოდა, რომ კრებას გადაწყვეტილება თითოეული წევრის თანხმობით, ანუ კონსენსუსით უნდა მიეღო. საბოლოოდ სწორედ ამ პრინციპზე შეთანხმდნენ.

მოსკოვმა თავისი გაინაღდა. უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიად ვეღარავინ აღიარებს, რადგან რუსეთს აქვს ვეტოს უფლება. თუ თითოეულ ეკლესიას ექნება გადაწყვეტილების ჩაგდების შესაძლებლობა, მოსკოვს, რომელიც კრების მოწვევას წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა, აღარაფრის ეშინია. ამ კრებაზე ვერავის გაკიცხავენ, თუ მას უეცრად გონება არ გაუნათდება და საკუთარ განაჩენს ხელს არ მოაწერს.

2016 წლის კრების გადაწყვეტილებები, შეიძლება ითქვას, წინასწარ იქნება ცნობილი, 2015 წლამდე მართლმადიდებელი ეკლესიები სამუშაო შეხვედრებს გამართავენ, რის შემდეგაც წმინდა ირინეს საკათედრო ტაძარში, სტამბოლში, სადაც უკვე გაიმართა ერთი მსოფლიო კრება, წმინდა და დიდი კრება შედგება.

თუ რომელიმე ეკლესია უარს იტყვის საერთო კალენდრის შემოღებაზე, მართლმადიდებელი დიასპორების იურისდიქციათა პრობლემის გადაჭრაზე, ეკუმენურ მოძრაობაზე და ა.შ., გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს. გამომდინარე იქიდან, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიებმა პაპის ტიარას დიდი ხნის წინ ამჯობინეს სულთნის ჩალმა, არავითარი უმაღლესი ავტორიტეტი, რომელიც გადაწყვეტილებების ეფექტურად მიღებას ბიძგს მისცემდა, აღარ ჰყავთ.

ილია მეორეს ამ კრებაზე აფხაზეთის ეპარქიაში სხვა ეკლესიათა ჩარევის პრობლემის წინ წამოწევა და დიპტიქში მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილის განსაზღვრა სურს. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ თავადვე გადასცა ვეტოს უფლება რუსეთს, დაუჭირა რა მხარი გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღებას, საინტერესოა, კიდევ რომელი ეკლესია ერევა აფხაზეთის ეპარქიის ცხოვრებაში? თუ ეჭვი რომელიმე ბერძენზეა, მაშინ მით უმეტეს – ვეტოს უფლებას ხომ ბერძნებისთვისაც დაუჭირა მხარი მისმა უწმინდესობამ?

კრებაზე თითოეული ეკლესია 24 მღვდელმთავარს წარადგენს, თუმცა ერთ ეკლესიას ერთი ხმა ექნება. ამისთვის საჭიროა, თავის მხრივ, თითოეული ეკლესია ერთ პრინციპზე შეთანხმდეს. ეს გადაწყვეტილების მიღების წესს კიდევ უფრო მოუქნელად აქცევს. თუ ადგილობრივ კრებას ისედაც შეეძლო შეთანხმება გარკვეულ საკითხებზე, აქამდეც მიიღებდა და თუ ვერ შეძლო, მაშინ როგორ მოახერხებს პანორთოდოქსულ შეხვედრაზე?

ამ აღმოსავლურ ქაოსში, სადაც ერთი აზრი ოქსიმორონია, შესაძლოა, მსოფლიო პატრიარქი ცდება. ცდება, როცა ფიქრობს, რომ თანამედროვე მსოფლიოს შთაბეჭდილება მართლმადიდებელი ეკლესიის დანაწევრებულობაზე, მხოლოდ ოპტიკური ილუზიაა. სინამდვილეში, არავითარი ერთი მართლმადიდებელი ეკლესია არ არსებობს – არსებობენ მართლმადიდებლური ეკლესიები. 2016 წელს, თუ მაინც ვიხილავთ გარკვეულ ცვლილებებს, მხოლოდ ისეთს, როგორიც კრემლშიც მისაღებია ან ზუსტად ისეთს, როგორსაც კრემლი გადაწყვეტს.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს პანორთოდოქსული კრების მოწვევის შესახებ ხელი არ მოაწერა ანტიოქიის საპატრიარქომ, იერუსალიმის საპატრიარქოსთან წარმოქმნილი ტერიტორიული დავის გამო, რამაც შესაძლოა კრების გამართვის პერსპექტივას ხელი შეუშალოს. თავად ეს ფაქტი მეტყველებს, როგორი დამოკიდებულება აქვთ ეკლესიებს კრების მიმართ – ნაცვლად იმისა, რომ ერთობასა და მართლმადიდებელი ეკლესიოლოგიის მიერ ასე ნაქებ კრებსითობას მიანდონ პრობლემის მოგვარება, ისინი კრებას ჩავარდნით აშანტაჟებენ. გარდა იმისა, რომ ანტიოქია მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიქში პატივით მესამეა, თუ კრებამ კონსენსუსით უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, მისი გამართვა შეუძლებელი იქნება ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე.

მომავალი კრების წინააღმდეგ არაერთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში მრევლის კონსერვატიულმა ნაწილმა გაილაშქრა. კონსერვატორთა შიში, შესაძლოა, ერთ-ერთია, რომელიც მართლმადიდებლებს აიძულებთ კრებას მსოფლიო პირდაპირ არ უწოდონ. მრავალი მითი და პარაისტორიული შეხედულება, რომელიც მერვე კრებას აპოსტასურსა და ანტიქრისტიანულს უწოდებს და რომელთა გავრცელებისთვისაც ეკლესიებს ხელი არ შეუშლიათ, დღეს გვაყენებს რეალობის წინაშე, როცა ამ კრებამ შესაძლოა კიდევ უფრო გაყოს ის, რისი შეერთებისთვისაც მოიწვიეს.

კომენტარები