ჟურნალისტების დაკავება

პრემიერი: ჟურნალისტების დაკავება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას აზიანებს

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჟურნალისტების დაკავების მსგავსი ფაქტები რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესს აზიანებს. ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებულ გადამღებ ჯგუფს მალე გაათავისუფლებენ. 

"ძალიან შეწუხებული ვარ აღნიშნული ფაქტის გამო. მე ვიცი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პრობლემის მოგვარებაში. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე გაათავისუფლებენ ჩვენს ჟურნალისტებს. რა თქმა უნდა, მსგავსი ფაქტები აზიანებს პროცესს, რასაც ჰქვია რუსეთან ურთიერთობის ნორმალიზება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება. დღეს გაიმართება ზურაბ აბაშიძის შეხვედრა გრიგორი კარასინთან და სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნულ საკითხსაც განიხილავენ. მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მოხდეს ამ პროცესის გაჯანსაღება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ "ჩვენ უნდა გვქონდეს ნორმალური ურთიერთობა ყველასთან".

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვში ქართველი ჟურნალისტები გუშინ დააკავეს. დაკავებული არიან ტელეკომპანია TV3-ის გადამღები ჯგუფის წევრები - ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი.

ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყო ჩასული, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. ბელა ზაქაიძეს ოკუპანტებმა დარეკვის საშუალება მისცეს. ჟურნალისტის ინფორმაციით, მათ სავარაუდოდ, დღეს გაათავისუფლებენ.

კომენტარები