საფოსტო კავშირი

TI: საფოსტო კავშირზე კანონპროექტი 40-მდე კომპანიას ბაზრის დატოვებას აიძულებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემუშავებული კანონპროექტი საფოსტო კავშირის შესახებ, უარყოფით გავლენს მოახდენს ბაზრის ამ სეგმენტზე თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული ბიზნესგარემოს არსებობაზე. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სამინისტროს მიერ შეთავაზებული რეგულაციები პირდაპირ ეწინააღდეგება თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკას და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს. TI-საქართველოს განცხადებით, აღნიშნული რეგულაციების შემოღება ბაზრის ამ სეგმენტზე მოქმედი საერთაშორისო კომპანიების - DHL, TNT, UPS, FEDEX და სხვა ორმოცამდე კომპანიის საქმიანობაში სერიოზულ ფორმალურ/ბიუროკრატიულ ბარიერად იქცევა და ეს კომპანიები იძულებული გახდებიან საქართველოს ბაზარი დატოვონ.

"მსგავსი შემთხვევა 2005 წელს მხოლოდ თურქმენეთში დაფიქსირდა", - აღნიშნავს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.

ორგანიზაცია მოუწოდებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საფოსტო კავშირის შესახებ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენამდე, უზრუნველყოს კანონპროექტით განსაზღვრული საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგების ახალი წესის საქართველოს კანონმდებლობასა და მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობა; საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგების ადეკვატური სისტემის დანერგვით ბაზრის ამ სეგმენტის ლიბერალიზაცია და დემონოპოლიზაცია; უნივერსალური საფოსტო მომსახურების გამწევი ეროვნული ოპერატორის (კანონპროექტის მიხედვით „საქართველოს ფოსტა“) შერჩევის პროცესში გამჭვირვალობისა და ობიექტურობის დაცვა.

"კანონპროექტით გათვალისწინებულია კანონსაწინააღმდეგო მოთხოვნების და ბარიერების დაწესება გადამზიდველებისთვის, კერძოდ, ტვირთისა და დოკუმენტების, ასევე ფულადი გზავნილების გადაზიდვას მხოლოდ ის კომპანიები შეძლებენ, რომლებიც ამ სექტორის მარეგულირებლისგან ავტორიზაციას მიიღებენ. ამასთან, ნებისმიერი გზავნილის გადაგზავნა (მიუხედავად მისი შიგთავსისა) სხვა კომპანიებისათვის იქნება შეუძლებელი. სექტორის მარეგულირებლად კი, კანონპროექტით კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია განისაზღვრება. გარდა ამისა, კანონპროექტი საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის მსურველი ნებისმიერი კომპანიის საქმიანობაზე ბიუროკრატიულ ბარიერებს აწესებს, რის შედეგადაც კომპანიების საქმიანობაში სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკურად დაუსაბუთებელი ჩარევა, შედეგად კი აღნიშნული სფეროს ზედმეტი და გაუმართლებელი სახელმწიფო რეგულირება მოხდება", - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა და აღნიშნავს, რომ კანონპროექტი საქართველოს ფოსტის მიერ ბაზრის მონოპოლიზაციასაც ითვალისწინებს.

"საქართველოს ფოსტას ეროვნული ოპერატორის სტატუსი მიენიჭება და ისეთ გაუმართლებელ შეღავათებს მიიღებს, რაც მას სხვა კომპანიებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს. კერძოდ, საქართველოს ფოსტა 20 წლით ბაზრის მონოპოლისტი იქნება და სხვა ოპერატორები მხოლოდ საქართველოს ფოსტის „ქოლგის ქვეშ“ შეძლებენ თავიანთი მომსახურების განხორციელებას. ასევე, კანონპროექტით გათვალისწინებულია რეგულაციები, რომლებიც ეწინააღმდეგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს. კერძოდ, კანონპროექტის მიღების შედეგად, მხოლოდ საქართველოს ფოსტა შეძლებს 30 კილოგრამამდე წონის საერთაშორისო ამანათების ექსკლუზიურ მიღებას/გაგზავნას/გადაზიდვას/ჩაბარებას, აღნიშნულის ეკონომიკური მიზანშეწონილობა კი არ არის გამართლებული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს არ შეესაბამება", - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულებელყოფაზეც საუბრობს.

TI-საქართველოს შეფასებით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკას, რომლის მიხედვით, საფოსტო კავშირის სფეროში ბაზრის სრული ლიბერალიზაცია, თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობა (ევროკავშირის დირექტივა 2002/39/EC) და „საფოსტო სარეზერვო მომსახურების“ არეალის გაუქმება (ევროკავშირის დირექტივა 2008/6/EC) ამ სფეროს წარმატებული რეფორმირების გზად არის მიჩნეული.

"როგორც აღინიშნა, წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებსაც, რომელიც საფოსტო და საკურიერო მომსახურების ლიბერალიზაციის პრინციპებს ადგენს, ითვალისწინებს საფოსტო და საამანათო გზავნილების მიწოდების სერვისების გამიჯვნას და მათ განცალკავებულ რეგულირებას. სამწუხაროდ, წარმოდგენილი კანონპროექტი არცერთ ზემოაღნიშნულ პრინციპს არ ითვალისწინებს და საწინააღმდეგო რეგულირებას გვთავაზობს", - ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობის განცხადებაში. 

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა საქართველოს ფოსტის დირექტორმა ლევან ჩხკივაძემ. მისი განცხადებით ადგილი ქონდა გაუგებრობას, რომელიც აღმოფხვრილია. 

”აქ იყო მცირედი გაუგებრობა ჩანაწერებს შორის. დღეს მოხდა შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით საფოსტო ბიზნესში მოღვაწე კომპანიები შეიკრიბა, მათ შორის საქართველოს ფოსტაც. განცხადებები რომლებიც აქამდე იყო გაკეთებული მონოპოლიასთან დაკავშირებით, ამასთან მოხდა ტექსტის ხელახლა წაკითხვა და განმარტების მიცემა”- ამის შესახებ საქართველოს ფოსტის დირექტორმა ლევან ჩხიკვაძემ განაცხადა.

რაც შეეხება ზეწოლას, რა თქმა უნდა არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. იყო უბრალოდ შეხვედრა კანონმდებლობის თეზისებთან დაკავშირებით. 

კომენტარები