განათლება

გადადებული რეფორმის კონტურები

სანდრო თარხან-მოურავი
0 კომენტარი

გია დვალის კომისიის დოკუმენტი ალბათ რეკორდულად გახმაურდა, ყველა რეფორმის პროექტს შორის, რაც საქართველოში ოდესმე შექმნილა. ძნელი გასახსენებელია სხვა რეფორმის კონცეფცია, რომელსაც თვეების განმავლობაში აქვეყნებდნენ, განიხილავდნენ, აკრიტიკებდნენ ან მხარდაჭერას უცხადებდნენ სხვადასხვა გამოცემის ფურცლებზე.

განხილვის აქტიურობა აშკარად ვერ გარდაისახა კონცეფციის განხორციელების სისწრაფეში ან სიზუსტეში. შარშანდელი იანვრის აქტიური სათაურები – „რატომ ვუჭერ მხარს გია დვალის რეფორმას" – ზაფხულისკენ შეცვალა პასიურმა წუხილმა დვალის ჯგუფსა და განათლების სამინისტროს შორის „კომუნიკაციის პრობლემაზე".

ხელისუფლებას რეფორმის განხორციელებაზე უარი ოფიციალურად არ უთქვამს. გაპრეზიდენტებამდე სამიოდე თვით ადრე, განათლების მინისტრი მარგველაშვილი არაორაზროვნად ამბობდა, რომ დვალის კონცეფციის „მოსამზადებელ ეტაპზე ვიმყოფებით". ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ კონცეფცია სავსებით „მისაღებია". დავით ზურაბიშვილი, რომელმაც ღიად გამოთქვა ნაწილობრივ კრიტიკული მოსაზრება, განათლების სამინისტროდან გაძევებულია.

რთული სათქმელია, ამჟამად მართლა მონდომებულად ამზადებენ ნიადაგს კონცეფციის განხორციელებისთვის, თუ ხელისუფლება სინამდვილეში დიპლომატიურად იშორებს ზედმეტ თავის ტკივილს ნელ-ნელა მივიწყების სტრატეგიით. დვალის რეფორმის მახვილი, მართალია ბუნდოვანი კონტურებით, მაგრამ მაინც ჰკიდია ქართული აკადემიური წრეების თავზე. მასთან ერთად, ჰაერში ჩამოკიდებულია პასუხგაუცემელი კრიტიკა და შეკითხვები.

გაურკვევლობა ანალიზს მხოლოდ ართულებს: საჭიროა არა ერთი კონკრეტული, არამედ ყველა მეტ-ნაკლებად რეალური სცენარის განხილვა. ცხადია, ერთ სვეტში ყველაფერს ვერ გავწვდებით: ყველაზე ხელშესახები მასალა განხილვისთვის ისევ დვალის ჯგუფის ტექსტია. იმის მიუხედავად, კონცეფცია „დედანთან მიახლოებული" ფორმით განხორციელდება, თუ სამინისტრო დროდადრო შემოგვთავაზებს თავისუფალ ვარიაციებს დვალის თემაზე, მასში გარკვევა მნიშვნელოვანია. სხვა თუ არაფერი, უნდა შევაფასოთ, რისი განხორციელება გაგვიხარდეს და რისი – „რთული კომუნიკაციის" პროცესში ჩაკარგვა.

კონცეფციის ანალიზის წინა მცდელობები ძირითადად ორი მიმართულებისაა. პირველნი უპირობო მიმხრობის, აქტივისტური მხარდაჭერის ჟანრშია – მაგალითად, ირაკლი კაკაბაძის წერილი ლიბერალში. მეორენი იმაზე კონცენტრირდებიან, თუ რა უნდა ჩაედოთ, მაგრამ არ არის ჩადებული კონცეფციაში – მაგალითად, გიგი თევზაძის ინტერვიუ 24 საათთან და სალომე უგულავას ანალიზი ტაბულაში. ჩვენ შევეხებით უშუალოდ იმ იდეებს, რაც დვალის ჯგუფის ტექსტშია ასახული.

დოკუმენტის სრული სახელწოდებაა „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფციის პროექტი". სასკოლო რეფორმისთვის ავტორები ტექსტის დასაწყისშივე დამოუკიდებელ დოკუმენტს გვპირდებიან, რომელიც დღემდე არ გამოჩენილა. ამდენად, კონცეფცია ორი ტიპის დაწესებულებებს ეხება: სახელმწიფო უნივერსიტეტებს, მათთან არსებულ ინსტიტუტებთან ერთად, და უნივერსიტეტების გარეთ არსებულ კვლევით ინსტიტუტებს.

დვალის კონცეფციაზე საუბრისას ხშირად გვესმის სიტყვა ტენური (დოკუმენტის ავტორების ტერმინოლოგიით, ტენუარი), რაც ლოგიკურია. დოკუმენტის ცხრა თავიდან ოთხი უშუალოდ ტენურის ცნებას, მის დადებით მხარეებსა და შემოღების გზებს ეძღვნება. დანარჩენი ხუთიდანაც, ოთხი დიდწილად ამ ცნებაზეა აგებული.

ტენური, მარტივად რომ ვთქვათ, გამორჩეული მეცნიერისთვის მუდმივი პოზიციის მიცემას ნიშნავს. კონცეფციაში ეს პრაქტიკა განხილულია, როგორც მრავალი საკითხის – აკადემიური თვითმმართველობიდან, მეცნიერების განვითარებამდე – მოგვარების ძირითადი საშუალება. ამ ხედვის ქართულ რეალობასთან შეჯერებისას, რამდენიმე აშკარა წინააღმდეგობას ვაწყდებით.

ტენური და ნაკლებად განვითარებული დარგები

ტენურის გაცემის ძირითად პრინციპად კონცეფციაში მოყვანილია კანდიდატის შეფასება „მსოფლიო მასშტაბით შერჩეულ, მოცემულ დარგში მოღვაწე და წარჩინებულ" მეცნიერთა გამოკითხვის გზით. ეს მიდგომა ავტომატურად გულისხმობს, რომ კანდიდატს უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი პუბლიკაციები საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. აქვე ავტორები სამართლიანად აღნიშნავენ, რომ არ უნდა მოხდეს სტანდარტების დაწევა: იმ შემთხვევაში, თუ კრიტერიუმებს არცერთი კონკურსანტი არ აკმაყოფილებს, პოზიციის გაცემა უნდა გადაიდოს.

პირველ წინააღმდეგობას აქ ის ფაქტი ქმნის, რომ მრავალ დარგში საქართველოს ფიზიკურად არ ჰყავს მეცნიერები, რომლებიც მსგავს კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. ამის ჩვენება შეიძლება სამეცნიერო ნაშრომების სტატისტიკის უმარტივესი ანალიზით. მაგალითად, ეკონომიკასა და ფინანსებში, სამეცნიერო ჟურნალების უდიდეს საერთაშორისო ბაზაში (Elsevier), საქართველოდან წელიწადში საშუალოდ ორიოდე ნაშრომი რეგისტრირდება. ზოგიერთ წელიწადში – არცერთი. მსგავსი მდგომარეობაა კომპიუტერულ მეცნიერებებშიც და ჰუმანიტარულ დარგებშიც. ბოლო წლებში არის მცირე პროგრესი, მაგრამ რაოდენობები, განვითარებული ქვეყნების სტანდარტით, მაინც უკიდურესად მცირეა.

ასეთ ფონზე, ორგვარი სცენარია შესაძლებელი. თუ დვალის კომისიის ჩანაფიქრის მიუხედავად, სტანდარტების დაწევა მაინც მოხდება, მივიღებთ რეფორმის კარიკატურულ ვარიანტს და ახალ ყალბ ავტორიტეტებს. თუ დაველოდებით ღირსეული კანდიდატების გამოჩენას, ჩნდება შეკითხვა, რა გზით შეუწყობს დვალის გეგმა ხელს წლობით ტენურების გარეშე დარჩენილი დარგების განვითარებას. სათუოა, მხოლოდ მუდმივი პოზიციის მიღების გრძელვადიანი პერსპექტივის გაჩენა იყოს ამისთვის საკმარისი და საუკეთესო მექანიზმი.

დოკუმენტში არაა მოყვანილი რაიმე რიცხობრივი მონაცემები, ხოლო ოთხივე ავტორი საბუნებისმეტყველო დარგებს (ფიზიკას, ბიოლოგიასა და პალეონტოლოგიას) წარმოადგენს. ამის გათვალისწინებით, ჩნდება ეჭვი, რომ მათ უბრალოდ არ გაითვალისწინეს სხვა დარგებში არსებული მდგომარეობა.

რაოდენობრივი განსხვავებები ხშირად თვისობრივში გადადის. ფიზიკისთვის გამოსადეგი მიდგომა შეიძლება სრულიად არაეფექტური აღმოჩნდეს ეკონომიკისთვის, თუ პირველში საქართველო ყოველწლიურად რამდენიმე ასეულ სამეცნიერო სტატიას აქვეყნებს (საერთაშორისო ჟურნალებში), მეორეში კი – ორს ან სამს.

ტენური და ნაკლებად განვითარებული უნივერსიტეტები

თუკი ორ-სამ უდიდეს უნივერსიტეტში ზოგიერთი დარგის ტენური მაინც შეირჩევა, სხვა უნივერსიტეტების ბედი კიდევ უფრო ბუნდოვანია. მონაცემების დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ თბილისის გარეთ სახელმწიფო უმაღლესებში ტენურობის კრიტერიუმების დაკმაყოფილებასთან ახლოს მყოფი კადრებიც კი არაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ დვალის გეგმა მთლიანად ტენურების მიერ უნივერსიტეტების მართვაზეა აგებული, რეგიონული უმაღლესები „ჰაერში გამოკიდებული" რჩება. მართალია, დაშვებულია კადრების გარედან მოზიდვის შესაძლებლობაც, მაგრამ ამის კონკრეტული მექანიზმები გაწერილი არაა. სათუოა, ავტორებს კონცეფციის შექმნისას გააზრებული ჰქონოდათ ის სცენარი, როდესაც უკლებლივ ყველა ტენური უნივერსიტეტის გარეთაა მოსაძებნი. სხვა შემთხვევაში, ამ საკითხის გაშლის სურვილი უნდა გასჩენოდათ.

კონცეფცია, დემოკრატია და ეფექტურობა

კონცეფციის ძირითადი შიდა წინააღმდეგობა ისაა, რომ ერთი მხრივ საუნივერსიტეტო თვითმმართველობისა და დემოკრატიის აუცილებლობას უსვამს ხაზს, მეორე მხრივ კი, უნივერსიტეტებს მართვის მოდელში არჩევანს არ უტოვებს. ავტორები საუბრობენ ძველი კადრების ხელშეუხებლობაზეც. გამოდის, რომ აქსიომადაა მიღებული დაშვება, თითქოს ტენუროკრატიის მოდელი არავითარ „დემოკრატიულ" წინააღმდეგობას არ გამოიწვევს: ყველა ძველი კადრი მიიღებს, როგორც სასიცოცხლო აუცილებლობას.

უნიფიცირებული მიდგომის მიზანშეწონილობა სხვამხრივაც საეჭვოა: როგორი ეფექტურიც უნდა იყოს კონკრეტული მოდელი მოცემულ დროსა და ადგილას, უალტერნატივობა ზრდის დეგრადაციის საფრთხეს და ართულებს ცვლილებებზე მორგებას.

დამოუკიდებელი ინსტიტუტები

დოკუმენტში საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა იდეას, რომ კვლევითი ინსტიტუტები არა მხოლოდ უნივერსიტეტების შიგნით, არამედ დამოუკიდებლადაც უნდა არსებობდეს. თანაც, იქაც მაღალკვალიფიციური „ტენურები" უნდა მუშაობდნენ. ნიმუშად გერმანული მაქს პლანკის ინსტიტუტების ქსელია მოყვანილი.

აქ უფრო მყარდება ეჭვი, რომ ავტორები შესაბამის რიცხობრივ მონაცემებს არ ითვალისწინებენ. კადრების უკიდურესი სიმწირის ფონზე, უმეტეს დარგში წარმოუდგენელია თუნდაც ერთი დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტის შექმნა ისე, რომ უნივერსიტეტების დონეზე მძიმედ არ აისახოს. სწავლების ხარისხის გარდა, კვალიფიციური მეცნიერების ყოლა პირდაპირ მოქმედებს თანამედროვე უნივერსიტეტების რეიტინგზეც. რეიტინგი კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის განვითარებისთვის: მაღალი დონის კადრებისა თუ კარგი სტუდენტების მოზიდვისთვის.

უნივერსიტეტებისა და ინსტიტუტების გაყოფის საკითხი კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია, როდესაც რაოდენობრივი განსხვავებები თვისობრივში გადადის. გერმანიის მსგავსი დიდი, მაღალგანვითარებული და მდიდარი ქვეყნისთვის დამოუკიდებელ ინსტიტუტთა ქსელების არსებობა რეალურიცაა და შედარებით უმტკივნეულოც. საქართველოსნაირ ქვეყნებს ამის ფუფუნება არ აქვთ. ისტორიული მოცემულობის გამო, შესაძლოა შედარებით ჭარბად გვყავდეს ერთი ან ორი დარგის მეცნიერები, მაგრამ ამ გამონაკლისებზე მთელი სისტემის აგება ძირეული შეცდომაა. მეტიც: ამ სიჭარბის შენარჩუნების საჭიროებაც საეჭვოა და სხვა დარგების „დაჩაგვრის" გარეშე რთულია.

გაუგებარია, თუ რა განსაკუთრებული კვლევითი ამოცანები დგას დღეს ქართულ მეცნიერებაში, რომელიც არ შეიძლება გადაწყდეს უნივერსიტეტების ფარგლებში. არადამაჯერებელია ის არგუმენტიც, თითქოს რომელიმე კვლევითი ინსტიტუტის უნივერსიტეტთან მიერთება „საერთაშორისო ბრენდის" გამოა დაუშვებელი. უნივერსიტეტთან აფილირება ინსტიტუტის ბრენდის არსებობას ხელს არ უშლის. სამაგიეროდ, ინსტიტუტის კვლევითი პოტენციალი ეხმარება უნივერსიტეტს და პირიქით.

* * *
კონცეფციის წაკითხვისას ჩანს, რომ ავტორები იცნობენ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში მიღებულ წარმატების კრიტერიუმებს. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ოთხივე საკუთარ დარგში აქტიური მკვლევარია.

სამეცნიერო კონკურენციის წესების ამა თუ იმ ფორმით შემოტანა საქართველოში საჭიროა. თუმცა, განათლებისა და მეცნიერების სისტემის ორგანიზება ბევრად რთული და მრავალმხრივი საკითხია და ამისთვის ორი-სამი იდეის „დაკანონება" არ კმარა. პირველ რიგში, საჭიროა კონკრეტული ქვეყნის მოცემულობის გათვალისწინება, შესაბამის რიცხობრივ მონაცემებთან მუშაობა და იმის წარმოდგენა, თუ რა მოხდება პრაქტიკაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები