ჟურნალისტების დაკავება

სესიაშვილი: რუსეთი ცდილობს, თავი გაიმართლოს უკანონო დაკავების გამო

radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ქართველი ჟურნალისტების დაკავების შესახებ, აბსოლუტურად აბსურდულია. მისი თქმით, "რუსეთი ცდილობს, თავი გაიმართლოს უკანონო დაკავების გამო".

"არ არსებობს არანაირი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა, შესაბამისად, იქ განთავსებული ყველა მავთულხართი და ე.წ საგუშაგო არის უკანონო. არავითარი სურვილი არ ექნებოდა ჟურნალისტს, რომ რაიმე სახით შეეღწია და ვითომდა საიდუმლო ობიექტები გადაეღო, რომელიც ისედაც კარგად ჩანს" - აღნიშნა სესიაშვილმა. 

რუსეთის საგარეო უწყება საოკუპაციო ზოლთან დაკავებულ ქართველ ჟურნალისტებს პროვოკაციაში ადანაშაულებს. უწყების განცხადებით, ჟურნალისტებმა სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვარი დაარღვიეს და ეს განგებ და დემონსტრაციულად გააკეთეს.

"ძნელია, ამას სხვა რამ ვუწოდოთ, გარდა დაგეგმილი აქციისა კარასინი-აბაშიძის დღეს დაგეგმილი შეხვედრის წინ. ეს, ასევე ცრუ ცნობების გავრცელება საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ მოწმობს, რომ ქართულ საზოგადოებაში გრძელდება ბრძოლა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მომხრე ძალებსა და იმათ შორის, ვინც სააკაშვილის მტრულ კურსს იზიარებს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში და აღნიშნულია, რომ "რუსმა მესაზღვრეებმა ქართველი ჟურნალისტები ცხინვალის ხელისუფლებას გადასცეს".

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვში ქართველი ჟურნალისტები გუშინ დააკავეს. დაკავებული არიან ტელეკომპანია TV3-ის გადამღები ჯგუფის წევრები - ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი.

ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყო ჩასული, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. ბელა ზაქაიძეს ოკუპანტებმა დარეკვის საშუალება მისცეს. ჟურნალისტის ინფორმაციით, მათ სავარაუდოდ, დღეს გაათავისუფლებენ.

კომენტარები