კვლევა მედიასაშუალებების მფლობელების შესახებ

კვლევის ავტორები ტაბულას შესახებ გაკეთებული ჩანაწერის შესაცვლელად მზად არიან

შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო კვლევის იმ ნაწილში, რომელიც ტაბულას ეხება, ჩანაწერის შესაცვლელად მზად არის.

„თუ დოკუმენტაციას მოგვაწვდით,  ამ საკითხის შესახებ ვიმსჯელებთ, თქვენთან დიალოგის შედეგად კვლევაში ისეთ შესწორებებს შევიტანთ, რომ საბოლოოდ კვლევაში ზუსტი ინფორმაცია იყოს“, - უთხრა ტელეკომპანია ტაბულას საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მკვლევარმა ანა დაბრუნდაშვილმა.

დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ მსხვილი მედიასაშუალებების მფლობელების, მათი გავლენიანი კავშირებისა და ბიზნესინტერესების შესახებ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გამართა.

კვლევაში 20-ზე მეტი სამაუწყებლო, ბეჭდურ და ონლაინ მედიასაშუალებაზეა საუბარი. კვლევაში, ნათქვამია, რომ ტელეკომპანია ტაბულას წილების 51% ეკუთვნის კომპანიას, რომლის მფლობელიც ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიაა.

საქმე ის არის, რომ ტელეკომანიის მფლობელი არაკომერციული იურიდიული პირი სამოქალაქო განათლების ფონდია და მას ოფშორთან არანაირი შეხება არ აქვს. ტელეკომპანიის კონტენტს სამოქალაქო განათლების ფონდი აწარმოებს. სამოქალაქო განათლების ფონდი, ასევე ფლობს საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიას.

ტაბულას იურისტის თორნიკე უსტარაშვილის განმარტებით, ჟურნალი ტაბულა და ტელეკომპანია ტაბულა განსხვავებული სამართალსუბიექტები არიან. „კვლევაში კი ეს იურიდიული პირები გამიჯნული არ არის“, - აღნიშნავს ტაბულას იურისტი.

ტაბულამ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურიდიული დოკუმენტაცია უკვე გაუგზავნა.

კომენტარები