კარასინი-აბაშიძის შეხვედრა

აბაშიძე: აძვში ქართველ მრევლს სალოცავების მონახულების საშუალება ექნება

Zurab Abashidze
Tabula

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ სოფელ აძვში ქართველ მრევლს საშუალება ექნება სალოცავები მოინახულოს. როგორც აბაშიძემ პრაღაში თქვა, აღნიშნული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე გადაწყდა. 

„შეხვედრაზე ჟურნალისტების საკითხის გარდა სხვა ჰუმანიტარულ თემებზეც იყო საუბარი. კერძოდ, მხედველობაში მაქვს ის, რაც სოფელ აძვში ხდება. ჩვენს მრევლს ექნება შესაძლებლობა, რომ იქ მოინახულოს სამლოცველოები. საუბარია წმინდა გიორგის ეკლესიაზე“, - განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე ისტორიულ სალოცავებთან მოსახლეობის მისვლის შესაძლებლობის საკითხის განხილვა საქართველოს საპატრიარქომ ითხოვა.

ცნობისთვის, გორის რაიონის სოფელ აძვის მოსახლეობა აღდგომის დღეებში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შესვლას ითხოვს. ეკლესია საოკუპაციო ხაზს მიღმა რამდენიმე თვის წინ მოექცა და ადგილობრივები მასში შესვლას ვერ ახერხებენ. აძვში იმყოფებოდა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, რომელმაც ხელისუფლებას დახმარება სთხოვა.

კომენტარები