უმაღლესი განათლება

განათლებული ელიტა საჯარო სამსახურში

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერმინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. განსაკუთრებით საინტერესოდ მომეჩვენა სტუდენტის კრიტიკა, რომელიც სახელმწიფო სექტორში უმაღლესდამთავრებულების დასაქმებას შეეხებოდა. მისი აზრით, საუკეთესო კურსდამთავრებულების საჯარო სამსახურში დასაქმებისთვის სახელმწიფო არასათანადოდ ზრუნავს.

არსებობს თუ არა პირობები მაღალი კომპეტენციების მქონე კურსდამთავრებულების სახელმწიფო სექტორში დასასაქმებლად, ლეგიტიმური კითხვაა. მაგრამ იგულისხმება, რომ თავისთავად ამგვარი მოქმედება ცხადი სიკეთეა. სწორედ იმიტომ, რომ შესაძლოა ამგვარ კითხვებზე იშვიათად ვმსჯელობთ, გთავაზობთ დავფიქრდეთ, რამდენად არის სასურველი, რომ უმაღლესი განათლების მქონე ელიტა სწორედ საჯარო სამსახურს უკავშირებდეს თავის კარიერას?

უმაღლესი განათლებისა და საჯარო სამსახურის მჭიდრო თანამშრომლობა ახალი რამ არ არის. ამ თემის შესახებ შექმნილ ნაშრომში, „პოლიტიკა, როგორც მოწოდება და ხელობა", ცნობილი გერმანელი სოციოლოგი მაქს ვებერი ადარებს ევროპულ და ამერიკულ ტრადიციებს.

ევროპაში საჯარო მოხელეებისა და პოლიტიკოსების უმეტესობა პროფესიონალია. ამ ტერმინში მათი მაღალი კომპეტენციები ან საქმისადმი განსაკუთრებული თავდადება კი არ იგულისხმება, არამედ ის, რომ საჯარო და პოლიტიკის მიმართულებით კარიერის დაწყება სპეციალური განათლების მიღებით იწყება.

შედარებით განსხვავებული ვითარებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქ, საჯარო სექტორში ადამიანების უმეტესობა სპეციალური განათლების გარეშე იწყებს მუშაობას. საჯარო სექტორსა და პოლიტიკაში მუშაობა ხშირად მათთვის დროებითი საქმიანობაა და არა პროფესიული არჩევანი. პოლიტიკოსების დიდი ნაწილი იურისტია, ან ბიზნესის სფეროში გამოცდილების მქონე ადამიანი.

საქართველოშიც, საბჭოთა კავშირის დროს, სახელმწიფო ე.წ. კადრების აღზრდას უკვეთავდა განათლების სისტემას მათივე დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. პიროვნული განვითარებისთვის თავისუფლების გარემოს არსებობა, კურსების თუ სპეციალობების ფართო არჩევანით, რაც ასე დამახასიათებელი გახდა დღეს ჩვენი უმაღლესებისთვის, საბჭოთა პერიოდში სასწავლო პროცესის დაგეგმვისას გათვალისწინებული არ იყო.

სახელმწიფო, ამ პერიოდში, განათლების სისტემის მეშვეობით ზრდიდა მომავალ ელიტას, რომელსაც შემდეგ თავადაც ასაქმებდა. უმაღლესშივე ხდებოდა ახალგაზრდობის იდეოლოგიური მომზადება მომავალი საჯარო სამსახურისთვის. ახალგაზრდათა ლენინურ-კომუნისტური კავშირი, რომელში გაწევრიანებაც სკოლის ბოლო კლასებიდან იყო შესაძლებელი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას უმაღლესებში იძენდა.

დეოლოგიურად, პიროვნული წარმატება პარტიისა და მშრომელთა კლასის წარმატებასთან გადაჯაჭვული უნდა ყოფილიყო.

არ მინდა ისე გამოჩნდეს, თითქოს ვგულისხმობ, რომ პრემიერმინისტრთან მოსაუბრე ახალგაზრდა კომკავშირის აღდგენას ითხოვდა. მის სურვილებში ჩანდა მხოლოდ ის, რომ სტუდენტების მიერ შეძენილი ცოდნის სათანადოდ დაფასება საჯარო სამსახურში თანამშრომლების შერჩევისასაც მომხდარიყო. თუმცა, აქ მაინც არის ერთი პრობლემა, რომელიც ჩვენი სტატიის ძირითად კითხვას უკავშირდება.

როგორ უნდა მოხდეს საჯარო სფეროსთვის კადრების მომზადება და შერჩევა? ცხადია, საბჭოთა სისტემა, რომელიც უმაღლესებისთვის იდეოლოგიურ ან რაოდენობრივ შეკვეთას გულისხმობდა, არ გამოგვადგება. ასე მხოლოდ საუნივერსიტეტო ავტონომიის უკიდურესი შეზღუდვა და პარტმუშაკების აღზრდის სისტემების დაბრუნებაა შესაძლებელი.

ასევე გადასაწყვეტია, მივდივართ საჯარო მოხელეების პროფესიული თუ თავისუფალი მოდელისკენ? თუ პროფესიულ მოდელს ვირჩევთ, სახელმწიფომ შესაძლოა იმ პროგრამებზე, რომლებიც მოხელეებს ამზადებენ, გარკვეული ირიბი, გარეგანი გავლენაც იქონიოს. შედარებით დემოკრატიულ ქვეყნებში ეს ხშირად ლიცენზირების გარკვეული სისტემების ამოქმედებით ხდება. ჩვენთან ამის მსგავსია მასწავლებლების სერტიფიცირების ან ადვოკატების გამოცდების სისტემა. მეორე მოდელის არჩევისას უფრო მნიშვნელოვანი ხდება სამუშაო პირობებში კადრების მუდმივი მომზადება და საჯარო მოხელეთა ხშირი როტაციის უზრუნველყოფა.

საჯარო სამსახურსა და უმაღლესი განათლების სისტემას შორის კავშირზე ფიქრისას მნიშვნელოვანია გავიაზროთ, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს თავად საჯარო სამსახურზე ან ქვეყნის სოციალურ თუ ეკონომიკურ განვითარებაზე სტუდენტების და კურსდამთავრებულების მოტივაციასაც.

ბოლო ათწლეულში, საქართველოში საჯარო სამსახურში ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, 2012 წელს სახელმწიფო მმართველობაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1031.2 ლარს უტოლდება. ეს დაახლოებით სამჯერ მეტია, ვიდრე განათლების სფეროში დასაქმებულთა ანაზღაურება და დაახლოებით ორჯერ მეტი, ვიდრე ჯანდაცვაში მომუშავეების საშუალო ხელფასი.

საჯარო სფეროში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მუშაობის პირობებიც. მაგალითად, 2003 წელს განათლების სამინისტროს შენობაში ოთხასამდე ადამიანი მუშაობდა და მათ დაახლოებით მეათედს ჰქონდა შესაძლებლობა, სამუშაოდ კომპიუტერები გამოეყენებინა. სამინისტროს შენობა არ თბებოდა. თანამშრომლებს არ მიუწვდებოდათ ხელი სამედიცინო დაზღვევაზე. დღეს ამგვარი ვითარება უბრალოდ ძნელი წარმოსადგენია.

ასეთ ვითარებაში, როდესაც დასაქმება, საზოგადოებრივი აზრის კვლევების დიდი ნაწილის თანახმად, უმნიშვნელოვანეს პრობლემად აღიქმება, გასაკვირი არ არის, რომ ახალგაზრდების მნიშვნელოვან ნაწილს სასურველ სამუშაო ადგილად საჯარო სამსახური მიაჩნდეს.

თითქოს საღი აზრი გვეუბნება, რომ თუ კომპეტენტური საჯარო მოხელეები გვეყოლება, მაშინ საჯარო მმართველობის ხარისხიც ამაღლდება და, შესაბამისად, უფრო რაციონალური, ყაირათიანი და შედეგიანი საჯარო პოლიტიკა გვექნება. ვითარება არც ასე მარტივია, თუ დავფიქრდებით იმის შესახებ, თუ რომელ სექტორს სჭირდება დღეს განვითარება და სად ვხედავთ ახალგაზრდებისთვის საუკეთესო შესაძლებლობას საკუთარი ცოდნის თუ ნიჭის გამოსაყენებლად.

საჯარო სფერო საქართველოზე ეკონომიკურად ბევრად უფრო განვითარებად ქვეყნებშიც არ ითვლება საუკეთესო სივრცედ ადამიანის პოტენციალის გამოსავლენად. ამის საილუსტრაციოდ გთავაზობთ, გაიხსენოთ, თუ რამდენი ნიჭიერი, ინოვაციური აზროვნების მქონე საჯარო მოხელე გაგონდებათ და შეადაროთ ეს რაოდენობა მათ, ვისაც ტექნიკური პროგრესი, იდეების სამყარო, ან ხელოვნების განვითარება უკავშირდება.

ის, რომ გენიალური ადამიანები საჯარო სამსახურშიც არ იკარგებიან, ასეთი შემთხვევებიც გვაქვს, მაგრამ ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი. ალბერტ აინშტაინისთვის კონკრეტულ საპატენტო ბიუროში მუშაობა ან ნიკოლოზ ბარათაშვილისთვის კანცელარიის ჩინოვნიკობა შესაძლოა იყო შთაგონების ერთ-ერთი წყარო, მაგრამ საჯარო სამსახური შესაბამისი პირობების შექმნით ცნობილი არ არის.

საჯარო სამსახურში მომუშავეების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი ქმნის რაიმე საზოგადოებრივ დოვლათს ან პირდაპირ ემსახურება საზოგადოებრივ საჭიროებებს. სამაგიეროდ, საჯარო სამსახურში მომუშავეებს აქვთ მეტი ბერკეტი, რომ საკუთარი შემოსავლები მუდმივად ზარდონ.

თუ შემოსავლების ზრდა 2003 წლამდე ძირითადად კორუფციის გზით ხდებოდა, დღეს ეს სახელმწიფო გადასახადებით აკრეფილი ფულით ხდება. 2007 წლის შემდეგ, 2012 წლისთვის საჯარო სამსახურში საშუალო ხელფასი თითქმის გაორმაგდა. ეს სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულთა ეფექტურობის ნიშანია. ოღონდ ეს შედეგი, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი სიკეთის შექმნის ნაცვლად, პირადი კეთილდღეობისთვის გაწეულ ძალისხმევას უკავშირდება.

საჯარო სამსახურში საუკეთესო კურსდამთავრებულების მიწვევით, არასახელმწიფო სექტორს განვითარების მთავარ, ინტელექტუალურ, შემოქმედებით ძალებს ვართმევთ. შედეგად, არასახელმწიფო სექტორიდან მომდინარე საჭიროებებისა და მოთხოვნების საფუძველზე შექმნილი საჯარო მმართველობის ნაცვლად, ავტონომიურად მოქმედ ბიუროკრატიას ვიღებთ.

მაშ, რა პოლიტიკა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს იმისთვის, რომ კერძო სექტორს საუკეთესო კურსდამთავრებულებს არ ეცილებოდეს? პირველი, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ საჯარო სამსახურში ხელფასების და დასაქმებულთა ზრდა შეზღუდოს. ცხადია, მნიშვნელოვანია, ხელფასის მოცულობა იძლეოდეს საშუალო კომპეტენციების მქონე სპეციალისტების დაქირავების შესაძლებლობას, მაგრამ ხელფასის ზრდის არსებული დინამიკა უნდა შეჩერდეს. ასევე აუცილებელია ბიუროკრატების რაოდენობის ზრდის მუდმივი მონიტორინგი და შეზღუდვა.

მეორე, იმისთვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს ისეთი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რაც საჯარო სექტორში დასაქმებულთა კომპეტენციებს აღემატება, ამისთვის სულ უფრო მეტად არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა სერვისების შესყიდვას უნდა მიმართოს. თუ სახელმწიფო დღეს ძირითადად არაინტელექტუალურ სერვისებს (მაგ., დასუფთავება, ბეჭდვა და ა.შ.) შეისყიდის, სასურველია საკონსულტაციო სერვისების შესყიდვების პრაქტიკის დანერგვაც სახელმწიფო პროგრამების მომზადებისას.

მესამე, განათლების პოლიტიკამ ხელი უნდა შეუწყოს სკოლაში და უმაღლეს საფეხურზე იმ ცოდნის და უნარების განვითარებას, რომლებიც მოქალაქეებს საკუთარი საქმის წამოწყებაში დაეხმარება. ეს უკავშირდება არამხოლოდ სამეწარმეო უნარ-ჩვევების შეძენას. შესაძლებელია უმაღლესებში ე.წ. სტარტაპების, ანუ წამოწყებების მხარდამჭერი ცენტრების დაარსება, რომლებიც სტუდენტებს თუ აკადემიურ სფეროში ჩართულ სხვა ადამიანებს თავიანთი იდეების განხორციელებაში დაეხმარებიან.

თუ საუკეთესო უმაღლესდამთავრებულთა შორის სახელმწიფო სექტორში სამუშაოდ წასვლის მსურველთა რიცხვის ნელ-ნელა შემცირება სწორი საჯარო პოლიტიკის შედეგი იქნება, ეს საზოგადოების და ეკონომიკის დადებითი განვითარების ინდიკატორი გახდება და არა საჯარო სამსახურის არაეფექტურობის და დახურულობის.

 

კომენტარები