არეულობა უკრაინაში

ჟენევაში უკრაინის კრიზისზე პირველი მრავალმხრივი მოლაპარაკებები იწყება

www.day.kiev.ua

დღეს ჟენევაში უკრაინის კრიზისის თაობაზე პირველი მრავალმხრივი მოლაპარაკებები იწყება, რომელშიც რუსეთი, უკრაინა, შეერთებული შტატები და ევროკავშირი მიიღებენ მონაწილეობას. მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად ჟენევაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ჩავიდა. ჟენევაში იმყოფება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც.

"უკრაინაში სიტუაციის სტაბილიზაციის ერთადერთი ხერხი, რასაც ჯერ კიდევ შეგვიძლია მოვმართოთ, დიპლომატიური გზაა. ჩვენი მთავარი მიზანი აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციაა" - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი დეშიცამ. 

ცნობისთვის, დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში პრორუს აქტივისტებსა და უკრაინელ სამხედროებს შორის შეტაკება მსხვერპლით დასრულდა. ღამით 300-მდე პრორუსი აქტივისტი სამხედრო ბაზასთან მივიდა და უკრაინის ეროვნული გვარდიის ნაწილს მეგაფონით დანებება მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ, ისინი ცეცხლსასროლი იარაღისა და მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებით ბაზის შტურმს შეეცადნენ. სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ოპერაციაში სპეცრაზმი და ვერტმფრენები ჩაერთვნენ. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სამი თავდამსხმელი მოკლულია, 13 დაშავდა, 60-ზე მეტი კი დაკავებულია, დანარჩენების დაკავების ოპერაცია გრძელდება.

პრორუს აქტივისტებს ძირითადი ბაზა ქალაქ სლავიანსკში აქვთ მოწყობილი. უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, შეიარაღებული პირები რუსეთის გრუ-ს დივერსანტები არიან. თავად მებრძოლები კი მედიას უმტკიცებენ, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები არიან ან ყირიმიდან ჩამოვიდნენ და აღჭურვილობა თავად შეიძინეს.

კომენტარები