არეულობა უკრაინაში

გაეროს მოხსენების მიხედვით, უკრაინაში ეთნიკური რუსების უფლებები არ შელახულა

გაეროს უშიშროების საბჭომ უკრაინაში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ გაეროს მიერ მომზადებული მოხსენება განიხილა. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის მტკიცება ქვეყანაში ეთნიკური რუსების უფლებების შელახვის შესახებ სიმართლეს არ შესაბამება. გაეროს მოხსენების თანახმად, რეფერენდუმის შედეგები ყირიმის სტატუსის შესახებ ნდობას არ იწვევს. საბჭოს წევრებმა რუსეთი უკრაინაში არეულობის პროვოცირებაში დაადანაშაულეს. 

უკრაინის წარმომადგენელი გაერო-ში იური სერგეევი აცხადებს, რომ მოხსენება ობიექტურად ასახავს სიტუაციას მის ქვეყანაში. სერგეევის თქმით, უკრაინა მოხსენების გამოქვეყნებას მიესალმება.

"წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ახალი მთავრობა მზადაა მიიღოს რეკომენდაციები, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვისკენ და კანონის უზენაესობის დამკვიდრებისკენ არის მიმართული. ამავე დროს, იმედი მაქვს, სხვა სახელმწიფოებიც მიიღებენ კონკრეტულ ზომებს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევები შეაჩერონ" - აღნიშნა სერგეევმა.

რუსეთის წარმომადგენელის გაერო-ში ვიტალი ჩურკინის განცხადებით კი, "მაიდანზე ჯერ კიდევ სამხედრო ბანაკებია, მემარჯვენე სექტორი არ განუიარაღებიათ. ეს დემოკრატები, რომლებმაც კიევში დემოკრატია ვერ დაამყარეს, ახლა დემოკრატიის, ან ზოგიერთი კოლეგის სიტყვებით, კანონიერებისა და წესრიგის დამყარებას უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში შეირაღებული ძალების დახმარებით ცდილობენ".

ცნობისთვის, დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში პრორუს აქტივისტებსა და უკრაინელ სამხედროებს შორის შეტაკება მსხვერპლით დასრულდა. ღამით 300-მდე პრორუსი აქტივისტი სამხედრო ბაზასთან მივიდა და უკრაინის ეროვნული გვარდიის ნაწილს მეგაფონით დანებება მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ, ისინი ცეცხლსასროლი იარაღისა და მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებით ბაზის შტურმს შეეცადნენ. სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ოპერაციაში სპეცრაზმი და ვერტმფრენები ჩაერთვნენ. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სამი თავდამსხმელი მოკლულია, 13 დაშავდა, 60-ზე მეტი კი დაკავებულია, დანარჩენების დაკავების ოპერაცია გრძელდება.

პრორუს აქტივისტებს ძირითადი ბაზა ქალაქ სლავიანსკში აქვთ მოწყობილი. უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, შეიარაღებული პირები რუსეთის გრუ-ს დივერსანტები არიან. თავად მებრძოლები კი მედიას უმტკიცებენ, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები არიან ან ყირიმიდან ჩამოვიდნენ და აღჭურვილობა თავად შეიძინეს.

კომენტარები