საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

ბაქრაძე: უმრავლესობა პატივს არ სცემს არც GPB-ს და არც საზოგადოებას

ხათუნა ხუციშვილი

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა პატივს არ სცემს არც საზოგადოებრივ მაუწყებელს და არც საზოგადოებას, რადგან მათ დღეს მხარი არ დაუჭირეს უმცირესობის წარდგენილ ორ კანდიდატს. როგორც ბაქრაძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ თქვა, სხდომის დაწყებამდე უმცირესობამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზადყოფნა, ყველა კანდიდატისთვის მხარი დაეჭირა.

„კენჭისყრის დაწყებამდე აღვნიშნეთ, რომ მხარს დავუჭერდით კანდიდატებს, თუმცა, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, უმრვლესობა ასე არ მოიქცა. როგორც ვხედავთ, საპარლამენტო უმრავლესობა პატივს არ სცემს მათ ოპონენტებს, ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელს და თვითონ საზოგადოებასაც“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში დარჩენილ ხუთ ვაკანტურ ადგილზე მხოლოდ სამი მეურვე დაამტკიცა. უმცირესობის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა ხმების საჭირო რაოდენობა ისევ ვერ დააგროვეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი გიორგი კოხრეიძის კანდიდატურას მხარი 119-დეპუტატმა დაუჭირა. უმრავლესობის მხრიდან დასახელებული გრიგოლ გოგელია – 86 ხმით, ხოლო ალექსანდრე ვახტანგოვი – 85 ხმით გავიდნენ.

რაც შეეხება უმცირესობის მიერ წარდგენილ ნინია კაკაბაძის კანდიდატურას, მას მხოლოდ 38-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და, შესაბამისად, მისი კანდიდატურა ჩავარდა. დავით კიზირიასაც, მხოლოდ 40-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში, რომელიც ახალი კანონის თანახმად, ცხრა წევრით კომპლექტდება, პარლამენტმა გასული წლის ბოლოს მარინე მუსხელიშვილი, ლელა გაფრინდაშვილი, ქეთევან მსხილაძე და ნათელა სახოკია დაამტკიცა. 

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს იმ წარმომადგენლებს, რომელთაც “მაუწყებლობის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე უფლებამოსილება უწყდებოდათ, წევრობის უფლებამოსილება შეუნარჩუნა - საკონსტიტუციო სასამართლომ ემზარ გოგუაძის, გიორგი მელაძის, მამუკა ფაჩუაშვილის, ზურაბ დავითაშვილის, დავით კანდელაკის, ნატალია დვალის საკონსტიტუციო სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის დებულება, რომლის მიხედვით, ახალი საბჭოს არჩევისთანავე მოქმედ წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ.

კომენტარები