საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

უსუფაშვილი: GPB-ის მეურვეების საკითხს საკანონმდებლო ჩარევით დავარეგულირებთ

David Usupashvili Official

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, რომ არა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ორგანო შესაძლოა, სხვა ვითარებაში ყოფილიყო და ცოტა სხვა შედეგები დამდგარიყო. ამის შესახებ უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან დაკავშირებით თქვა და აღნიშნა, რომ მაუწყებელში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შექმნილი ვითარება “საკანონმდებლო ჩარევით” დარეგულირდება.

“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ კორექტივები, პირველ რიგში, მაუწყებლის საქმიანობაში შეიტანა. დღევანდელი მდგომარეობით, წინა სამერვეო საბჭო უფლებამოსილი არ არის რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს და ეს საკანონმდებლო შეზღუდვა ძალაშია. დღეს, ჩვენი გადაწყვეტილების მიუხედავად, თუ რამდენ წევრს ავირჩევთ, ახალი სამეურვეო საბჭო უფლებამოსილების განხორციელებას მყისიერად ვერ იწყებს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ ის პუნქტი გააუქმა, რომლითაც ახლად არჩეული სამეურვეო საბჭო უნდა შედგომოდა თავის საქმიანობას. ეს არის რეალობა, ამიტომ პარლამენტი ვალდებულია, საკანონმდებლო ჩარევა განახორციელოს და ეს ურთიერთობები დაარეგულიროს, რათა რეფორმა, ის ხაზი, ის გენერალური გეზი გაგრძელდეს, რაც ჩაფიქრებული იყო - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაურღვევლად და მის წინააღმდეგობაში მოუსვლელად. საკონსტიტუციო სასამართლომ ერთადერთი რამ გადაწყვიტა – ახლად არჩეული საბჭო ვერ შეუდგება საქმიანობას, იმის მიუხედავად შვიდი წევრი იქნება არჩეული, რვა თუ ცხრა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა სესიაზე.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს იმ წარმომადგენლებს, რომელთაც “მაუწყებლობის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე უფლებამოსილება უწყდებოდათ, წევრობის უფლებამოსილება შეუნარჩუნა - საკონსტიტუციო სასამართლომ ემზარ გოგუაძის, გიორგი მელაძის, მამუკა ფაჩუაშვილის, ზურაბ დავითაშვილის, დავით კანდელაკის, ნატალია დვალის საკონსტიტუციო სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის დებულება, რომლის მიხედვით, ახალი საბჭოს არჩევისთანავე მოქმედ წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ.

ამასთან, პარლამენტმა დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში დარჩენილ ხუთ ვაკანტურ ადგილზე მხოლოდ სამი მეურვე დაამტკიცა. უმცირესობის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა ხმების საჭირო რაოდენობა ისევ ვერ დააგროვეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი გიორგი კოხრეიძის კანდიდატურას მხარი 119-დეპუტატმა დაუჭირა. უმრავლესობის მხრიდან დასახელებული გრიგოლ გოგელია – 86 ხმით, ხოლო ალექსანდრე ვახტანგოვი – 85 ხმით გავიდნენ.

რაც შეეხება უმცირესობის მიერ წარდგენილ ნინია კაკაბაძის კანდიდატურას, მას მხოლოდ 38-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და, შესაბამისად, მისი კანდიდატურა ჩავარდა. დავით კიზირიასაც, მხოლოდ 40-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში, რომელიც ახალი კანონის თანახმად, ცხრა წევრით კომპლექტდება, პარლამენტმა გასული წლის ბოლოს მარინე მუსხელიშვილი, ლელა გაფრინდაშვილი, ქეთევან მსხილაძე და ნათელა სახოკია დაამტკიცა. 

კომენტარები