ემზარ კვიციანის საქმე

ემზარ კვიციანს პატიმრობის ვადა 28 მაისამდე გაუგრძელდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ემზარ კვიციანს პატიმრობის ვადა 28 მაისამდე გაუგრძელა.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ემზარ კვიციანის ადვოკატებმა სასამართლოში განაცხადი წარადგინეს, რომელსაც ხელს აწერს საპარლამენტო უმრავლესობის 35 დეპუტატი. ისინი ითხოვდნენ, კვიციანი გაეთავისუფლებინათ პატიმრობიდან. განაცხადში მითითებული იყო, რომ ემზარ კვიციანი წინა ხელისუფლების პოლიტიკური დევნილი იყო.

პროკურორმა აღნიშნული შუამდგომლობის წარდგენის შემდეგ სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ აღნიშნული ხელმოწერები არა სასამართლოსთვის, არამედ პროკურატურისთვის იყო გაგზავნილი. დღევანდელ პროცესზე ემზარ კვიციანმაც გააკეთა განცხადება.

კვიციანის თქმით, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთიდან გამოეძევებინათ, საქართველოში დაბრუნებულიყო და სიმართლე გაერკვია. შესაბამისად, ემზარ კვიციანმა აღნიშნა, რომ ის მიმალვის საფრთხესთან დაკავშირებით პროკურატურის არგუმენტს არ იზიარებს.

"რუსეთიდანაც ძალით გამოვაძევებინე თავი, რომ აქ ჩამოვსულიყავი, სად გამქცევი ვარ, რუსეთში 5 წელი ფეხს ვეღარ შევდგამ. ჩამოვედი იმისთვის, რომ სიმართლე გამერკვია. ჩემს წინააღმდეგ ყველა საქმე შეთითხნილია, მეგონა, რომ პროკურატურა ამ ხნის განმავლობაში გამოიძიებდა და რაიმე სიმართლეს მიაკვლევდა, სწორედ ამიტომ არ ვიღებდი ხმას. თუმცა ასე არ მოხდა", - აღნიშნა კვიციანმა.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა ბრალდების მხარე. პროკურორმა თქვა, რომ კვიციანის განცხადება, რუსეთიდან გამოძევების შესახებ სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ იგი შესაძლოა, გამოძიებას მიემალოს, ვინაიდან რუსეთიდან თავისი ნებით არ ჩამოსულა და მხოლოდ გამოძევების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში.

ადვოკატებმა აღნიშნული განცხადების შემდეგ, პროკურორების აცილების შესახებ დააყენეს შუამდგომლობა. თუმცა, მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სწორედ ამის შემდეგ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ემზარ კვიციანს წინასწარი პატიმრობის ვადა 28 მაისამდე გაუგრძელდა.

კვიციანი საქართველოში 28 თებერვალს დაბრუნდა. ის საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავეს. მას ბრალად წარდგენილი აქვს გადატრიალების მცდელობა, შეიარაღებული ბანდფორმირებების შექმნა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.

კომენტარები