ევროპარლამენტის რეზოლუცია

კანდელაკი: საქართველოს უჩნდება შანსი, მიიღოს ევროკავშირის წევრობის რეალური გზა

timer.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ საქართველოს ისტორიული შანსი უჩნდება, მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა.

”საქართველოს უჩნდება ისტორიული შესაძლებლობა, ისტორიული შანსი, მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების ანუ სამშვიდობოს გასვლის, რეალური გზა, რეალური პერსპექტივა. იმისათვის, რომ მართლა ეს პერსპექტივა ხელშესახები გახდეს, იმპერატიულად აუცილებელია, რომ  საქართველოს მთავრობა აკეთებდეს ყველაფერს, რომ ჩაჯდეს ერთ პაკეტში უკრაინასთან ერთად, თუ შეიძლება ასე ითქვას. და ყოველმხრივ - საქმით და არა სიტყვით, მხარს უჭერდეს უკრაინის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, რასაც სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვხედავთ”, - აღნიშნავს კანდელაკი.

”საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, შეუძლიათ, განაცხადი გააკეთონ ევროკავშირის წევრობაზე”, - ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ აღმოსვლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე რუსეთის ზეწოლისა და დესტაბილიზაციის თაობაზე მიღებულ რეზოლუციაში. სპეციალური რეზოლუცია, რომელშიც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ქმედებებია დაგმობილი, ევროკავშირს მოუწოდებს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების გამკაცრებისკენ. ევროპარლამენტი ერთიანი ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას. რეზოლუციაში საქართველოსა და მოლდოვასათვის ასოცირებისა და თვისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ეფექტიანი იმპლემენტაციისთვის საჭირო, დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფაზეც არის საუბარი.

”როდესაც რუსეთი ფუნდამენტური ნორმებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევით კვლავ ახდენს საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას; როდესაც რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი საოკუპაციო ძალის ეფექტური კონტროლით ტერიტორიებზე ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდას და ძალადობრივ დემოგრაფიულ ცვლილებებს; როდესაც რუსეთის ფედერაციამ დააწესა ცალმხრივი სავაჭრო სანქციები საქართველოსა და მოლდოვის პროდუქციაზე;

ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, ნებისმიერი სხვა ევროპული ქვეყნის მსგავსად, აქვთ ევროპული პერსპექტივა და შეუძლიათ, განაცხადი გააკეთონ ევროკავშირის წევრობაზე, დემოკრატიის, ფუნდამენტური თავისუფლებების და ადამიანის უფლებების, უმცირესობების უფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის შემთხვევაში”, - წერია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებების ხელმოწერისკენ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, და მიესალმება შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მის დროებით ამოქმედებას.

კომენტარები