წითელი პარასკევი

წითელი პარასკევი საქართველოსა და მსოფლიოში

დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქრისტიანები, კალენდარული დამთხვევის წყალობით, წითელ პარასკევს ერთად აღნიშნავენ. სახარების მიხედვით, ამ დღეს, იესო ჯვარს ეცვა კაცობრიობის ცოდვათა გამოსასყიდად.

დღეს იერუსალიმში ქრისტიანებმა ვია დოლოროსა, გოლგოთამდე ქრისტეს გზა განვლეს. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის რიტუალი ჩატარდა. „გარდამოხსნა" არის საგანგებოდ მოქარგული ქსოვილი, რომელზეც საფლავში ჩასვენებული ქრისტეა ამოქარგული. ის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ეპისკოპოსებთან ერთად საკურთხევლიდან გამოაბრძანა, ტაძარს შემოატარა და მის შუაგულში მოათავსა, რის შემდეგაც შესრულდა დატირება.

თბილისის მარიამის ზეცად აღყვანების კათოლიკურ საკათედრო ტაძარში, დიდი პარასკვის ღვთის მსაურება მდუმარე ლოცვით დაიწყო, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ, მღვდლებთან ერთად ქრისტეს ჯვარცმის წინ დაიჩოქა, მრევლმა წაიკითხა ნაწყვეტები ძველი აღთქმიდან და იოანეს სახარებიდან, ღვთის მსახურების ბოლოს კი მორწმუნეებმა და სასულიერო პირებმა უფლის ჯვარცმასთან მუხლი მოიყარეს.

ქრისტეს ჯვარცმა, გარდამოხსნა და დატირება გაიხსენეს ევანგელურ ლუთერულ ეკლესიაშიც.

თანამედროვე ქრისტიანულ ტრადიციაში კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა. მას ვნების პარასკევს წითლად ღებავენ, სახლში გაზრდილ ჯეჯილში აწყობენ და კვირას საზეიმოდ ამტვრევენ. ეს ფერი ერთდროულად ქრისტეს მიერ კაცობრიობისთვის დაღვრილ სისხლსა და აღდგომის სიხარულს განასახიერებს. ნაჭუჭი ქრისტეს დახშულ საფლავთან არის დაკავშირებული, მისი გატეხვით მორწმუნეები იესოს საფლავზე ლოდის გადაგორებასა და ჯოჯოხეთის კარიბჭის დამსხვრევას იხსენებენ.

ჯვარცმა და აღდგომა განუყოფელია. ქრისტიანებს სწამთ, რომ სიკვდილს არ ეკუთვნის უკანასკნელი სიტყვა და ის ყოველთვის აღდგომით სრულდება, რომელსაც საქრისტიანო წელს 20 აპრილს იზეიმებს.

 

კომენტარები