წინასაარჩევნო მორატორიუმი

ბადაშვილი: მორატორიუმი წინასაარჩევნო დაკავებებზე უპირობოდ შესრულდება

მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი

საქართველოს მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის განცხადებით, პრემიერმინისტრის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი წინასაარჩევნო დაკავებებზე, აუცილებლად შესრულდება.

"პრემიერის გაჟღერებული გადაწყვეტილება, რომელიც ეხება მოახლოებული არჩევნების სამართლიან და თანასწორუფლებიან გარემოში ჩატარებას, აუცილებლად, უპირობოდ შესრულდება საქართველოს პროკურატურის მხრიდან. ასევე, საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საგამოძიებო და სხვა სამართალდამცავი ორგანოების მიერ" - განაცხადა ბადაშვილმა.

ცნობისთვის, 14 აპრილს, ირაკლი ღარიბაშვილმა წინასაარჩევნო დაკავებებზე მორატორიუმი გამოაცხადა. პრემიერმა სამართალდამცავებს მოუწოდა, თავი შეიკავონ იმ ადამიანების დაკავებისგან, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი პოლიტიკურ პარტიებს სთხოვა, რომ უწყებათაშორის კომისიას აქტივისტების, შტაბების წევრებისა და ხელმძღვანელების სიები წარუდგინონ. 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პრემიერის ინიციატივას პოლიტიკური ფარსი უწოდა და ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, აპირებს თუ არა მთავრობა ენმ-ის აქტივისტებზე თავდასხმებზე მორატორიუმის გამოცხადებას. 

კომენტარები