ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014

გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა

ირაკლი ოქრუაშვილის პრესსამსახურის ცნობით, გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ ირაკლი ოქრუაშვილის განაცხადი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების თაობაზე დაამტკიცა. ოქრუაშვილმა საკუთარი კანდიდატურა 17 აპრილს წარადგინა

ოქრუაშვილი პარტიულ გაერთიანებას ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტია წარმოადგენს. 

წინასაარჩევნო დაპირებებსა და გეგმებზე მან 7 მარტს თოქშოუსთვის რეაქცია მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ამავე გადაცემაში მან განაცხადა, რომ იგი არ აპირებდა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაბრუნებოდა, თუმცა ერთწლიანი დაკვირვების შედეგად არსებულმა პოლიტიკურმა გარემომ, განსაკუთრებით გორში, მიაღებინა ეს გადაწყვეტილება.

ოქრუაშვილმა უკვე 2013 წლის თებერვალში განუცხადა ჟურნალისტებს, რომ იგი პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავდა. თოქშოუში რეაქცია მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება მან 2013 წლის ნოემბერში მიიღო. 

ოქრუაშვილმა ინტერვიუში სტალინის ძეგლის საკითხზეც ისაუბრა. 

"ვინმეს მოსწონს თუ არა ეს თბილისში, თუ არის გორელების სურვილი, რომ ეს ძეგლი უნდა დაბრუნდეს, ეს ძეგლი უნდა დაბრუნდეს. გორი არის გორელების სახლი და საკუთარ სახლში რასაც უნდა, იმას დადგამენ. თუ იქნება ხალხის დაკვეთა, ბუნებრივია, მე ამ დაკვეთას დავემორჩილები" - განაცხადა ოქრუაშვილმა. 

ოქრუაშვილმა თოქშოუში რეაქცია ასევე ილაპარაკა წინასაარჩევნო გეგმებზე, რომ გამარჯვების შემთხვევაში მის გეგმებში შედიოდა პენსიებზე 50-ლარიანი დანამატის გაკეთება, მრავალშვილიან ოჯახებზე წლიური 2000-ლარაინი დახმარების გაცემა, 3-თეთრიანი სუბსიდიის შემოღება ვაშლის მოსავალზე, 100 ლარიანი დანამატის შემოღება პედაგოგების პენსიებზე. ოქრუაშვილის თქმით, ამ ყველაფრის გაკეთება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე იქნებოდა შესაძლებელი. მან ასევე აღნიშნა, რომ მის გეგმებში, ადგილობრივ ახალგაზრდობასთან კონსულტაციის შემდეგ, ასევე შედიოდა სათამაშო ბიზნესის აკრძალვა.

ამავე თოქშოუში, მან განაცხადა, რომ ადგილობრივ არჩევნებს ნებისმიერ ფასად მოიგებდა და პირველივე ტურში საკუთარ კონკურენტებზე მეტ ხმას მოაგროვებდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, გორის საარჩევნო ოლქში 109 755 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

კომენტარები