პატრიარქის ეპისტოლე

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე: სახეზე გვაქვს საყოველთაო დაცემა

სამების საკათედრო ტაძარში, 19 აპრილს, სააღდგომო ლიტურგიაზე მართლმადიდებლური რელიგიის აღმსარებლები შეიკრიბნენ და სააღდგომო წირვის დაწყებამდე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის, სააღდგომო ეპისტოლეს მოუსმინეს. 

სააღდგომო ეპისტოლეს კითხულობდა არქიდიაკონი დემეტრე დავითშვილი. 

ეპისტოლეში საქართველოს პატრიარქი შეეხო ისეთ თემებს, როგორიც არის თანამედროვე ადამიანის გამოწვევები, განათლების სისტემა, მომავალი თაობის აღზრდასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები და სახელმწიფოს ვალდებულება ბავშების აღზრდის პროცესში. 

ეპისტოლეს დასაწყისში მოცემულია ქრისტიანობის განმარტება, როგორც სიყვარულის სარწმუნოების და გულხმურვალე და თავგანწირული სიყვარულის რელიგიის. პატრიარქი მიმართვაში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მიუხედავად მრავალი განსაცდელისა, რომლის წინაშეც დადგა მოსახლეობა, ისინი არ უნდა გატყდნენ და მიიღონ ტკივილი და მწუხარება იმის ნიშნად, რომ უფალი მათთან არის, რომ ღმერთს ისინი უყვარს და ამიტომაც უვლენს განსაცდელს. 

"რთულ დროში გვიწევს ცხოვრება და ეს გავლენას ახდენს ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე" - ნათქვამია ეპისტოლეში - "თანამედროვე ჩვენი ყოფა უფრო დამძიმდა და დასნეულდა, რადგან მასიურად ხდება წახალისება ცოდვის პროპაგანდისა, ბოროტების შემოტევის ასეთი ფართო მასშტაბები ადრე არ იყო. ადრე დევნიდნენ და აწამებდნენ მორწმუნეებს, ანგრევდნენ ტაძრებს, შეურაცხჰყოფდნენ სიწმინდეთ, მაგრამ ზნეობაზე სიტყვით მაინც უარს არ ამბობდნენ. თანამედროვე ფსევდოლიბერალიზმს კი სურს მოსპოს ცნება ცოდვა. მათი აზრით, ცოდვის განცდა, თურმე ზედმეტად ბოჭავს ადამიანს და თავისუფლებას აკარგვინებს. ამიტომაც, უნდათ გააქრონ მორალი და მასთან ერთად სინდისის ქენჯნაც. იერიში მიტანილი აქვთ ზნეობაზე, და დღეს უკვე გულისხმობს ბრძოლას არამარტო რელიგიურ ცნებებთან, არამედ საყოველთაო, ზოგადადამიანურ ღირებულებეთანაც. ფაქტობრივად, ისინი ცხოველებზე უფრო დაბალი ცხოვრების წესს სთავაზობენ საზოგადოებას და სრული სულიერი გადაგვარებისაკენ უბიძგებენ. აჩვენებენ სადიზმითა და სექსოპათიით გაჯერებულ ფილმებს და თან, გართობის მიზნით სხვადასხვა შოუსა და გადაცემებში, ირონიით საუბრობენ ადამიანურ ღირსებებზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, რათა მათი თქმით, ხალხი განკურნონ ნევროზისა და ფობიებისაგან. ეს მეთოდიკა ისეთი ფორმით ინერგება, რომ, ზოგჯერ, თვით ამ სპექტაკლების მონაწილეთაც არ ესმით, სინამდვილეში რას ემსახურებიან. და რატომ აქვთ ასეთი დაკვეთები? ვითომ ორიგინალობის და სიახლის შემოტანის სურვილით აკეთებენ ამას, სინამდვილეში კი, საყოველთაო ურწმუნოებასა და ეშმაკეულ ცნობიერებას ამკვიდრებენ, რითაც, რა თქმა უნდა, ღმერთს განარისხებენ. ვაი, იმ კაცს, ვისგანაც მოდის ცდუნება, მისთვის უმჯობესი იქნებოდა, წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ - ბრძანებს უფალი. ბუნებრივია, ადამიანის ისედაც სუსტ ბუნებას, უჭირს გაუძლოს ბოროტის ამდენ მახეს, ამიტომაც, სახეზე გვაქვს საყოველთაო დაცემა და ამ ფონზე, არც მართლმადიდებლები არიან განსხვავებულ მდგომარეობაში." 

პატრიარქი მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს მოუწოდებს მოყვასის სიყვარულისკენ და განამრტავს, რომ მოყვასია ყველა, ვინც კი მათ ცხოვრების გზაზე ხვდება. ის ადამიანებიც კი, ვინც მათ მტრად მიაჩნიათ. ამავე ეპისტოლეში განამრტებულია რეალური მტრის ხატიც.  

"მტერი არსებობს და მისი სახელია ბოროტი სული, ეშმაკი, რომელიც თავის მიზნების განსახორციელებლად იყენებს ცალკეულ პიროვნებებს, განსაკუთრებოთ ურწმუნოთ. აი ვინ უდნა გვძულდეს და მოვიძაგოთ, მათი გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები კი გვიყვარდეს და გვებრალებოდეს, როგორც სნეული და ვეცადოთ, ვუმკურნალოთ მათ წყლულებებს". 

ილია მეორეს ეპისტოლე ბაშვის აღზრდის წესებსაც შეეხო და მრევლს საკუთარი შეხედულებები გაუზიარა ამასთან მიმართებაში. 

"კომუნისტური რეჟიმის პირობებში ბევრი რამ დამახინჯდა, გაუკუღმართდა, მათ შორის, შვილებისადმი სიყვარულიც. მშობლები თავისი გაგებით უფრთხილდებიან მათ და ცდილობენ, ჰქონდეთ საუკეთესო ჩასაცმელი, არაფერი ეტკინოთ, არ ეწყინოთ, არ დაიღალონ, არამედ გაერთონ და ისიამოვნონ, ანუ უქმნიან სასათბურე პირობებს და თავისდაუნებურად ბავშვები ეგოისტურ სულს აღაზევებენ. ეს არის გაუცნობიერებელი მტრობა შვილების მიმართ. ასეთი დამოკიდებულებების შედეგად ახალგაზრდა უსუსური ხდება, არ აქვს შინაგანი სიმტკიცე, ხშირად იჩენს სიმხდალეს, მუდმივად ეძებს საყრდენს და სხვაზეა დამოკდიებული, დაქვეითებული აქვს აზროვნებაც და სიცოცხლისუნარიანობაც, ამასთან არის ამბიციური და მე-ზე ორიენტირებული" - ნათქვამია ეპისტოლეში. 

პატრიარქის განარტებით, სწორედ ამ სასათბურე პირობებში გაზრდილი ბავშვები ნაკლები ხასიათის სიმტკიცით გამოირჩევიან, ამთავრებენ რა უნივერსიტეტს და სხვა უმაღლეს სასწავლებლებს, აღარ კადრულობენ წიგნებს და მხოლოდ კომპიუტერულ თამაშებზე ფოკუსირდებიან. ასევე, თუ ერთხელ არ გაუმართლათ, ვარდებიან დეპრესიაში, რაც იწვევს ლოთობას, ნარკომანიას, ქურდობას და აღვირახსნილობას.

"ქართველი ქალი ყოველთვის იყო ოჯახის დედაბოძი, და დღესაც, ემანსიპაციის პირობებში, ისევ მან უნდა შეძლოს მთავარი გამაწონასწორებელი როლის შესრულება ოჯახში, და ყველა წევრის ჩაბმა მომავალი თაობის სწორად აღზრდის პროცესში. აქ იგულისხმება ოჯახური საუბრები, საინტერესო თემების განხილვა, და სხვა."- ასე განმარტავს პატრიარქი ქალის როლს ოჯახში. 

ეპისტოლეში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ბავშვები მავნე ზეგავლენისაგან და შესთავაზოს მათ სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი. პატრიარქის რეკომენდაციაა გაიხსნას ფილოსოფიური და ლიტერატურული წრეები, სადაც მოსწავლეები წაიკითხავენ საინტერესო წიგნებს და გაარჩევენ მათ, დაწერენ თავისუფალ თემებს და იმსჯელებენ სხვადასხვა საკითხებზე, რათა ბაშვებს ადრეული ასაკიდანვე ჩამოუყალიბდეთ ანალიტიკური აზროვნების უნარები და ისწავლონ ოქროს შუალედის პოვნა არჩევანის გაკეთებისას. 

"უკიდურესობები არაფერში არ ვარგა, მითუმეტეს აზროვნებაში, ამ სფეროში აზროვნებას მივყავართ ან ფანატიზმამდე ან ფსევდოლიბერალიზმამდე. ორივე არის გადახვევა ჭეშმარიტებიდან და ამდენად მიუღებელიც" 

პატრიარქმა, ტრადიციულად, მოუწოდა უცხოეთში მყოფ ქართველებს სამშობლოში დაბრუნებისაკენ და დასაქმების ვარიანტების საქართველოში ძიებისკენ. "თუნდაც სოფლის მეურნეობაში" - აღნიშნულია ეპისტოლეში. 

"მართალია, ბოროტი ძალა გამუდმებით გვებრძვის, მაგრამ მასზე განუზომელად დიდი, ძლიერი და დაუსაბამოა ღმერთი, რომელიც მუდამ ჩვენთან არის და დღესაც სააღდგომო ტრაპეზზე გვიხმობს ქართველებს, ოსებს, რუსებს, აფხაზებს, ბერძნებს, იეზიდებს, უდიებს, ასირიელებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, უკრაინელებს, როგორც მესამე ისე მეთერთმეტე ჟამის ქრისტიანებს" - ასე მიჰყავს დასასრულისკენ მიმართვა კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.

კომენტარები