ხუდონჰესი

ღარიბაშვილი: ხუდონი არის უმნიშვნელოვანესი ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად

საქართველოს მთავრობა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში შეხვედრები მწერალთა სახლში, 19 აპრილს, ირაკლი ღარიბაშვილმა ხუდონჰესის პროექტსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. 

"ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად, ენერგოუსაფრთხოების კუთხით" - აღნიშნავს პრემიერმინისტრი. 

მისი თქმით, ის ვნებათაღელვა, რაც პროექტის განხორციელებას ადგილობრივი მოსახლეობისგან მოჰყვა, ნაწილობრივ, ხალხთან კომუნიკაციის ნაკლებობით იყო გამოწვეული. 

"ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ ამ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ აქვთ გარკვეული განცდა, რომ იქ რაღაც დაზიანდება, რაღაც მოხდება, თითოეულ მოქალაქეს უნდა ავუხსნათ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის, თავად მათთვის. რომ ეს უამრავ სარგებელს მოუტანს თითოეულ ადამიანს. წარმოიდგინეთ, ენგური რომ არ არსებობდეს დღეს, ენგურჰესი; განსხვავებული რეალობა იქნებოდა ამ დარგში, ამ სფეროში. ამიტომ, ხუდონი არის ჩვენი გასაკეთებელი, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის არის გასაკეთებელი, მე ასე მიმაჩნია. თუ რაღაც კითხვები არსებობს, ამ ადამიანებს თუ აქვთ რაიმე კითხვები, ჩვენ უნდა ავუხსნათ: მთავრობამ, ექსპერტებმა, სპეციალისტებმა, ვინც ეს საკითხი კარგად იცის და ვისაც შესწავლილი აქვს ეს საკითხი."

ღარიბაშვილის თქმით, ხუდონჰესის შემთხვევაში, მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს და პირადზე წინ სახელმწიფო ინტერესები უნდა დააყენოს. მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა იმ ოჯახებთან, რომელბიც პროტესტს გამოთქვამენ ამ პროექტის განხორციელების წინააღმდეგ. 

"ჩვენ ისეთს არაფერს გავაკეთებთ, რომ ზიანი მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას ან გარემოს. რაღაც დაზიანება ბუნებრივია, მაგრამ ყველაფერი საპირწონეა, შედარებითია. და რაღცის გაფუჭებით ძალიან ბევრი კარგი რამ შეიქმნება, რომელიც მოხმარდება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას მოხმარდება. ამ შემთხვევაში ჩვენ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ და არა ჩვენი პირადი ინტერესებიდან."

პრემიერის თქმით, მას ძალიან კარგად ესმის ადგილობრივი მოსახლეობის განცდები საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ პროექტის ფარგლებში საუბარი მიდის ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მაღალი კომპენსაციების გადახდაზე, მეზობელ სოფლებში დასახლებასა და ყველა იმ პირობის მოწყობაზე, რომელიც მათ ახლა არ გააჩნიათ, რადგან იმყოფებიან მძიმე სოციალურ პირობებში.

კომენტარები