საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წინასწარი გახსნა 22 აპრილს იგეგმება

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა
facebook.com/SaakashviliPresidentalLibrary

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წინასწარი გახსნა 22 აპრილს იგეგმება. ამის შესახებ რუსთვი2-ის გადაცემაში, კურიერი PS, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ანდრო ბარნოვმა, ისაუბრა. წინასწარ გახსნაზე ბიბლიოთეკა სტუდენტებსა და ჟურნალისტებს უმასპინძლებს. 

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა კოსტავას 77-ში მდებარეობს. 5-სართულიანი შენობის პროექტის ავტორი იურგენ მაიერია.  მაიერის პროექტების პორტფოლიოში, გარდა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა, შედის სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, მესტიის იუსტიციის სახლი, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ მაიერმა არქიტექტორ ლადო აბრამაშვილთან ერთად შენობის პროექტი ბიბლიოთეკას შემოწირულობის სახით გადასცა. 

ბიბლიოთეკის შენობაში განთავსებული იქნება სტუდენტური კაფე, ორი ღია ტერასა, საკონფერენციო ცენტრი და სამკითხველო დარბაზები. ბიბლიოთეკაში ასევე იფუნქციონირებს ინგლისური ენის უფასო კურსები პრეფესიონალთათვის. ამის შესახებ თავად მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა კურიერი PS-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მან ასევე დაამატა, რომ თავად გახსნას ვერ დაესწრება, თუმცა დისტანციურად აქტიურად არის ჩართული ბიბლიოთეკის მშენებლობასა და გახსნასთან დაკავშირებულ პროცესებში. სააკაშვილი იმედოვნებს, რომ ბიბლიოთეკა 20 000-მდე წიგნის მობილიზებას შეძლებს. 

2014 წლის სექტემბერში სააკაშვილი ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში ბიბლიოთეკის გახსნის იდეაზე პრეზიდენტ ობამასაც ესაუბრა

ბიბლიოთეკის პროექტი მთლიანად პირადი შემოწირულობებით ფინანსდება და იფუნქციონირებს როგორც არასამთავრობო არამომგებიანი ფონდი. 

კომენტარები