საყდრისი

RMG გოლდი: საყდრისის საბადოში სამუშაოები კანონის დაცვით მიმდინარეობს

0 კომენტარი
ფოტო: news.ge

საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი კომიტეტის წევრების აქცია გრძელდება. 

უკვე მეექვსე დღეა ისინი მადნის მოპოვების სამუშაოების განახლებას აპროტესტებენ. ადგილზე დღეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლები ჩავიდნენ და საბადოს ტერიტორია მოინახულეს. საბადოს დატოვებამდე სააგენტოს წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.  

სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, კომპანია RMG გოლდს მემორანდუმის პირობები არ დაურღვევია და საყდრისის ძეგლს საფრთხე არ ემუქრება, რასაც არ დაეთანხმნენ აქციის მონწილეები. 

ტაბულასთან საუბარში, RMG გოლდის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საბადოს ტერიტორიაზე სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 13 მარტს გაცემული ნებართვისა და სამუშაოების წარმოებისათვის აუცილებელი ლიცენზიის გახანგრძლივების საფუძველზე. 

RMG გოლდის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების წარმოების პერიოდში საბადოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნება არქეოლოგიური არტეფაქტები, კომპანია მიიღებს შესაბამის ზომებს და მოიქცევა საქართველოს კანონში გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარე სამუშაოები არ აზიანებს საბადოს ტერიტორიაზე არსებულ ისტორიულ ძეგლს. ამასთანავე, არაცალსახაა შეფასება საყდრისისათვის კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ექსპერტების ნაწილი არ მიიჩნევს, რომ საბადოს ტერიტორია კულტურული ძეგლია - დაამატა კომპანიის წარმომადგენელმა. 

აღსანიშნავია, რომ კულტურის მინისტრი, გურამ ოდიშარია, საყდრისის ზონას მოიხსენიებს არა როგორც კულტურულ ძეგლს, არამედ როგორც არქეოლოგიურ ზონას. 

RMG გოლდის განცხადებით, აღნიშნული აქცია მიზანმიმართულად ცდილობს ხელი შეუშალოს კომპანიის გამართულად ფუნქციონირებას. აქციის მონაწილეები კომპანიის კერძო ტერიტორიის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და ხელს უშლიან მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ RMG გოლდთან დაკავშირებულ ამბებში, საბადოს ტერიტორიისთვის კულტურული ძეგლის მინიჭების საკითხი იქნება ეს თუ უახლოეს წარსულში მომხდარი თანამშრომლების გაფიცვა, ერთი და იგივე აქტივისტები ფიგურირებენ - ნათქვამია კომპანიის წარმომადგენლის მიერ ტაბულასთვის მიცემულ კომენტარში. მიუხედავად ამისა, კომპანია აცხადებს რომ ცდილობენ დაიცვან კორექტულობა და თავს იკავებენ კონკრეტული პიროვნებების დასახელებისგან. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, არქეოლოგებისა და ინჟინერ-გეოლოგებისგან შემდგარი საერთაშორისო დამკვირვებლების დამოუკიდებელი ჯგუფი კომპანია RMG-ის მიერ, საყდრის-ყაჩაღიანში ჩატარებულ სამუშაოებს დააკვირდება

საბადოს ტერიტორიაზე შესვლა დღეს დამოუკიდებელმა ექსპერტმაც სცადა, თუმცა ის ადგილზე არ შეუშვეს. აქციის მონაწილეები საყდრისში ხვალ კულტურის მინისტრსაც ელოდებიან.

სამინისტროს ცნობით, საყდრისის საბადოზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ხვალ სამინისტროში შეხვედრა გაიმართება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება ჩავა თუ არა გურამ ოდიშარია საბადოს ტერიტორიაზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები