რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

მარგველაშვილი: უშუალოდ რუსეთის მხრიდან მყისიერ საფრთხეს არ ვაფიქსირებთ

21 აპრილს ტელეკომპანია მაესტროს ეთერში საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. 

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში საერთაშორისო ასპარეზზე მომხდარი ცვლილებების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სტაბილურობის რღვევა მიმდინარეობს მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა საქართველოსა და კავკასია-უკრაინის რეგიონში ეს შესაძლოა უფრო მეტად საგრძნობია, რადგან საქართველოსა და უკრაინაში არსებობს დესტაბილიზაციის კერები. 

წამყვანის შეკითხვაზე, ხედავს თუ არა ის საფრთხეს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედეგად დესტაბილიზაციის პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება, მან დააფიქსირა პოზიცია, რომ მყისიერი საფრთხეს უშუალოდ რუსეთის ფედერაციიდან არ აფიქსირებს. ამასთანავე, აღნიშნა, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო უნდა იყოს მშვიდად, რადგან არსებობს რუსეთისთვის პრივილეგირებული ინტერესის სფეროები როდესაც საქმე ეხება პოსტსაბჭოთა სივრცეს და წარსულში რუსეთის ფედერაციაში შემავალ ტერიტორიებს. 

მარგველაშვილს მიაჩნია, იმისათვის, რომ არ გაღრმავდეს დესტაბილიზაციის პროცესი, აუცილებელია საქართველოს არ ჰქონდეს ისტერიული რეაქცია, არამედ მოახდინოს მოვლენებისა და ცვლილებების წყნარი შეფასება, დაიწყოს მუშაობა რაციონალურ დიალოგზე და შეინარჩუნოს სიფხიზლე. 

პრეზიდენტის თქმით, არსებობს შესაძლო ქმედების სცენარები, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები რუსეთის მხრიდან ჯერ არ არის გადადგმული და იგი იმედოვნებს რომ არც გადაიდგმება. 

მარგველაშვილი მზადყოფნას აცხადებს რუსეთთან რაციონალური დიალოგის დასაწყებად, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მსგავსი დიალოგი დიდ შრომასა და მომზადებას მოითხოვს. მან ისიც დაამატა, რომ პუტინის მხრიდან წამოვიდა ინიციატივა ამ დიალოგზე ერთერთ გამოსვლაში გაჟღერებული რეპლიკის სახით, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ინიციატივა ამ რეპლიკას არ გასცდენია. 

გარდა პირდაპირი დიალოგისა პრეზიდენტის თქმით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჟენევისა და პრაღის ფორმატში, სადაც განიხილება რიგი საკითხები საქართველო-რუსეთის ურთიერთობასთან დაკავშირებით. 

მარგველაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სრულიად შესაძლებელია საქართველო მიისწრაფოდეს ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანებისაკენ და ამასთანავე ჰქონდეს დალაგებული ურთიერთობები რუსეთთან. მას მაგალითად მოჰყავს ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომელთაც მოახერხეს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზება, მიუხედავად ევროატლანტიკური მისწრაფებებისა.

მისი აზრით, რუსეთისათვის ბევრად უფრო მომგებიანია ურთიერთობა კეთილმეზობლურ და დალაგებულ საქართველოსთან და ურთიერთობა რაციონალური დიალოგის რეჟიმში და რომ ამ პოზიციას იზიარებენ არა მარტო საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლები, არამედ ქვეყნის დასავლელი პარტნიორებიც. 

მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ დასავლეთის პოზიციაც რუსეთთან არაერთგვაროვანია. ერთის მხრივ, საჭიროა რუსეთისთვის პასუხის გაცემა ახლო წარსულში განხორციელებული ქმედებებისათვის, მეორეს მხრივ კი დასავლეთს არ უნდა გარიყოს რუსეთი, რადგან გარიყული რუსეთი უფრო აგრესიული იქნება.

კომენტარები