უკრაინის კრიზისი

ნულანდი: ГРУ-ს აგენტი საქართველოში ახლა აღმოსავლეთ უკრაინაში გამოჩნდა

topnews.in

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ადასტურებს, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში მონაწილე პირები უკრაინაში შენიშნეს. ამის შესახებ ვიქტორია ნულანდმა CNN-ის ეთერში განაცხადა. CNN-მა უკრაინაში რამდენიმე დღის წინ და 2008 წელს საქართველოში გადაღებული ფოტოები აჩვენა, რომელზეც, ჟურნალისტის მტკიცებით, ერთი და იგივე ადამიანია დაფიქსირებული. ეს ნულანდმაც დაადასტურა. 

"ვფიქრობ, აბსოლუტურად ნათლად გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება იმის თაობაზე, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის შექმნაში რუსეთის ხელი ურევია. ეს ნათლად დააფიქსირეს პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა კერიმ. თქვენც ახლა აჩვენეთ ფოტოგრაფიული მტკიცებულებები. მათზე ის წვერიანი მამაკაცი ჩანს, რომელიც აქამდე რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს აგენტი იყო საქართველოში. ახლა კი ის აღმოსავლეთ უკრაინაში გამოჩნდა", - აღნიშნა ნულანდმა. 

შეკითხვა ფოტოზე დაფიქსირებული ადამიანის შესახებ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელსაც დაუსვეს. ჯენ პსაკის თქმით, არსებობს რიგი ფოტოსურათები, რომლებსაც უკრაინის მხარე აქვეყნებს და რომელიც შემდგომში ამერიკის ოფიციალურმა პირებმაც გამოაქვეყნეს და ხელმისაწვდომია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.

"ისინი აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ ცალკეულ პირთა რუსეთთან კავშირის გარკვეულ ნიშნებს აჩვენებს. თქვენ იცით, რომ ჩვენ, მათ შორის პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი, დიდი ხანია ასეთი კავშირის შესახებ საჯაროდ ვაცხადებთ და ეს ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. მანამდეც, სანამ ეს ფოტოები გამოჩნდებოდა, ჩვენ ვამბობდით, რომ რუსეთსა და უკრაინაში მოქმედ შეიარაღებულ პირებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. იმის შესახებ, რა მსგავსება არსებობს ცალკეულ პირებს შორის და რა კავშირი შეიძლება ჰქონდეთ მათ სხვა მოვლენებთან, დასკვნები შეგიძლიათ თავად გამოიტანოთ", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

კომენტარები