საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა

სააკაშვილი: საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა არის ჩემი ინვესტიცია საქართველოში

თბილისში მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა გაიხსნა. ბიბლიოთეკის გახსნის ღონისძიებაზე სტუდენტები და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ღონისძიებას საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსიც დაესწრო. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნაზე დამსწრეებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პირდაპირი ჩართვის საშუალებით მიმართა.

"დღეს არის პრეზენტაცია სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის და მინდა ავხსნა, რატომ ბიბლიოთეკა, როგორ გავაკეთეთ, საიდან არის ეს იდეა. ის, რაც ეხება ბიბლიოთეკას, ეფუძნება ჩემს ხედვას წარმატებული სახელმწიფოსი. წარმატებული სახელმწიფო შესაძლებელია მხოლოდ წარმატებული ხალხის პირობებში. რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ წარმატებული ხალხი გვყავდეს?! ეს არის განათლება, განათლება და კიდევ ერთხელ განათლება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნის იდეა 2-3 წლის წინ გაუჩნდა, მას შემდეგ, რაც რეიგანის ბიბლიოთეკაში მიიწვიეს. 

"შემდეგ, შარშან, ბუშმა მიმიწვია მისი ბიბლიოთეკის გახსნაზე ტეხასში. პირველად საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა გახსნა რუზველტმა. ხშირად მიფიქრია, რატომ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა და რატომ არა თეატრი, რაღაც საგამოფენო დარბაზი. ვფიქრობ, რუზველტი ფიქრობდა, თუ რა შეიძლება დაეტოვებინა შემდგომი თაობებისთვის. ეს არ არის ჩვეულებრივი ბიბლიოთეკა და ის არ ანაცვლებს ჩვეულებრივ ბიბლიოთეკებს. ჩვენი ამოცანა არ არის ბევრი წიგნი. ჩვენ რამდენიმე ათასი წიგნი გვაქვს ახლა და ავალთ ალბათ 20-30 ათას წიგნზე", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს იხსნება მხოლოდ სამკითხველო დარბაზი და სამუშაო დარბაზი. ბიბლიოთეკის დასრულებას კი, მისი თქმით, ცოტა მეტი დრო და სახსრები დასჭირდება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიბლიოთეკაში არის წიგნები პოლიტიკური მეცნიერების, ასევე, არქიტექტურა-დიზაინის შესახებ. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ბიბლიოთეკა გაკეთდა კერძო სახსრებით.

"მიწის ნაკვეთი და დანგრეული კარკასი ვაყიდინე ბიძაჩემს, ჩემი პირადი სახსრების უმეტესი ნაწილი ჩავდე, ეს ბევრი არ არის. შემდეგ ეს ბიბლიოთეკა ფონდს გადაეცა, რომელმაც ფულის შეკრება დაიწყო. ეს არ არის კერძო საკუთრება, ეს არ მეკუთვნის მე. ის გადაეცა ფონდს, რომელიც არის არამომგებიანი ფონდი და ე.ი. რეალურად გადაეცა საქართველოს ხალხს. ეს არის ჩემი ინვესტიცია საქართველოში", - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის სამეურვეო საბჭოს ანდრო ბარნოვი უხელმძღვანელებს. მისი თქმით, ბიბლიოთეკა 24 აპრილიდან, შეზღუდულ რეჟიმში - 11:00 საათიდან 15:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო ორ კვირაში - მთლიანად გაიხსნება.

"ბიბლიოთეკის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ის ლიტერატურა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს ეხება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებს, არქიტექტურას. გვაქვს ერთი კარგი თარო მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით. აქ არის ისეთი წიგნები, რომელსაც სამწუხაროდ, სხვაგან ვერ ნახავთ, ვერც ბიბლიოთეკებში და ვერც კერძო კოლექციაში", - თქვა ბარნოვმა.

კომენტარები