თბილისის მერია

თბილისის მერია მართლმადიდებლური ეკლესიებისთვის 10,000 ლარს ვერ გასცემს

თბილისის მერიამ დედაქალაქის საკრებულოს განცხადებას უპასუხა, რომელიც თბილისში მდებარე მართლმადიდებლური ეკლესიებისთვის 10 000 ლარის გამოყოფას გულისხმობს. მერიის განცხადებით, ამ ეტაპზე ბიუჯეტში შესაბამისი რესურსები არ არსებობს და ამასთანავე შეუძლებელია ბიუჯეტის ცვლილება, ვინაიდან კანონმდებლობა არჩევნების დღემდე 60 დღის განმავლობაში ამას ზღუდავს. 

"თბილისის საკრებულოს განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება თბილისში მდებარე მართლმადიდებლური ეკლესიისთვის თითოეულზე 10 000 ლარის გამოყოფას, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ეტაპზე დედაქალაქის ბიუჯეტში შესაბამისი რესურსი არ არსებობს და მიმდინარე ეტაპზე შეუძლებელია ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება და შესაბამისი პროგრამების ზრდა, რამეთუ მოქმედი კანონმდებლობა ზღუდავს არჩევნების დღემდე 60 დღის განმავლობაში ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას.
აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის მერია ტრადიციულად ახორციელებდა და ახორციელებს თბილისში მოქმედი მართლმადიდებლური ტაძრებისა და სხვა რელიგიური კონფესიების მხარდაჭერას კონკრეტული პროექტების მიხედვით, რისთვისაც 2013 წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან მიზნობრივად მიიმართა 1542462 ლარი, 2014 წელს კი უკვე გამოყოფილია 735000 ლარი. 
თბილისის მერია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზადყოფნას, იმოქმედოს საპატრიარქოსთან შეთანხმებით და საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები დედაქალაქის ბიუჯეტში მართლმადიდებლური ტაძრებისა და სხვა რელიგიური კონფესიების მხარდაჭერის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები