კულტურის მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

ნიკოლოზ ანთაძე საყდრისზე: RMG-ის არ დაურღვევია მემორანდუმის პირობები

news.ge

„ტაბულას“ ეთერში, გადაცემაში „ფოკუსი“, კულტურის მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ანთაძემ განაცხადა, რომ კაზრეთში მიმდინარე სამუშაოების მონახულების შემდეგ, მინისტრთან ერთად, მათ დაადასტურეს, რომ კომპანიის მიერ არ დარღვეულა მემორანდუმის პირობები.

„ვიყავით წასულებით მე და ბატონი გურამი, ადგილზე დავათვალიერეთ მთლიანად ობიექტი, ის სამუშაოები რასაც ისინი იქ ადგილზე აპროტესტებენ, არ არის შეხებული იმ ტერიტორიას რასაც წლების განმავლობაში იკვლევდნენ ქართული ექსპედიციები.

ჩვენ ჩავედით კი წინა პერიოდის გვირაბებში, არაფერი არ არის სახეცვლილი, შესაბამისად ჩვენ მივიჩნევთ და დავადასტურეთ ის, რომ კომპანიის მიერ არ დარღვეულა მემორანდუმის პირობები.  ჩვენ შევხვდით თვითონ აქციის მონაწილეებს, მათ გვითხრეს თავისი მოსაზრებები და თავისი ესე ვთქვათ, ულტიმატუმი. ეს ულტიმატუმი გულისხმობდა იმას, რომ ჩამოვიყვანოთ საერთაშორისო ექსპერტები, მიუკერძოებელი, და სასწრაფოდ შეაჩეროს თავისი სამუშაოები კომპანიამ.  რაზეც ჩვენ ვუთხარით, რომ მზად ვართ მოვისმინოთ დეტალურად და არა იმ სიტუაციაში რა სიტუაციაც იყო იქ, ხალხმრავლობა და გარკვეულწილად შეურაცხმყოფელი შეძახილები ზოგიერთი ადამიანისგან. ზოგადად კონსტრუქციული შეხვედრა, ახალგაზრდები ძალიან გულანთებულები არიან და მე მივესალმები იმ საკითხს, რომ ესე იცავენ თავიან შეხედულებებს. შესაბამისად, ვთხოვე და შემიძლია დავუთმო დრო, რომ ჩვენ შევხდეთ ამ საკითხზე არაერთხელ ვიმსჯელოთ და მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომ ყველა მხარე იყოს ამ შემთხვევაში კმაყოფილი. მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ კომპანია რამეს აზიანებდეს ეს ფაქტი ჩვენს მიერ არ იქნა დადასტურებელი“, - აღნიშნა ანთაძემ.

ანთაძის თქმით, გაიმართა შეხვედრა ასევე კომპანიის წარმომადგენლებს და გადაწყდა, რომ მოხდეს ადგილის სენსიტიური ნაწილის დემარკაცია.

„ჩვენ გვქონდა დღეს შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან, ვთხოვე მთლიანად სამუშაოების შეჩერება, მიუხედავად იმისა, რომ მათ კანონიერი უფლება აქვთ სრულად იმუშავონ, მაგრამ მათ გვითხრეს, რომ მთლიანად სამუშაოების შეჩერება სერიოზულ პრობლემებთან არის დაკავშირებული მაგრამ მათ აღგვითქვეს, რომ იმ  ადგილს რაც ესეთი სენსიტიური და რა ადგილზეც არის ასეთი დავა, იმ ადგილს არ შევხებივართ და არც შევეხებით. ამიტომ გადავწვიტეთ რომ მოხდეს ამ ადგილის დემარკაცია, შემოღობვა. ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ უახლოეს დღეებში, შეიძლება ხვალ, ზეგ, ავიყვანოთ არქეოლოგიური ექსპედიციის ის წევრები რომლებიც კარგად იცნობებ ამ ადგილს და შევიყვანოთ და ერთად დავათვალიეროთ და თავის თვალით ნახონ, რომ იქ დაზიანებები არ არის“, - განაცხადა მან.

კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა საკითხის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემაში "არჩევანი". მისი თქმით, ამ საკითხით ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილიც დაინტერესდა და დაავალა მეცნიერთა აკადემიას საკითხის შესწავლა. 

"ამ თემით შემდეგ ძალიან დაინტერესდა ბიძინა ივანიშვილი და მოიწვია მეცნიერები, კომპანიის ხალხი და ჩვენი წარმომადგენლებიც. დავალება მისცა მეცნიერებათა აკადემიას, ეს საკითხი ორ თვეში შეესწავლა. მათ დადეს დასკვნა. მეორედ ჩატარდა არქეოლოგიური კვლევა. აღმოჩნდა, რომ მიწის ზედა ფენა სტერილურია და კომპანიას სამუშაოების ნება შეიძლება დაერთოს", - განაცხადა მინისტრმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ის იზიარებს ბიძინა ივანიშვილის შენიშვნას, რომ უჭირს გადაწყვეტილებების მიღება. 

 "ვეთანხმები ბატონ ბიძინას. არის ხანდახან ისეთი მომენტი, როდესაც ვჭოჭმანობ-ხოლმე", - აღნიშნა მინისტრმა. 

მინისტრი,  ნიკოლოზ ანთაძესთან ერთად დღეს კაზრეთში ჩავიდა და საყდრისის დაცვისთვის მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა. მისი განცხადებით სამინისტრო აპირებს ყოველდღიური მონიტორინგი აწარმოოს ადგილზე. 

"თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მაშინ მთა მიდის მუჰამედთან... ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიღებული აქვს დავალება, აწარმოოს ყოველდღიური მონიტორინგი. ამასთან, გაიმართება ყოველდღიური ბრიფინგები იმასთან დაკავშირებით, ადგება თუ არა ყოფილ ძეგლს რაიმე ზიანი. ამასთან, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ბორცვს სადემარკაციო ხაზი შემოვავლოთ, რათა ის იყოს ხელშეუხებელი და დაცული", - განაცხადა ოდიშარიამ. 

მისივე თქმით, უცხოელი ექსპერტების დახმარებით მოხდება ადგილზე სიტუაციის შესწავლა.

 "ჩვენ ველოდებით უცხოელ ექსპერტებს, რომლებთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებს სააგენტოს ხელმძღვანელი. გარდა ამისა, მონიტორინგის შედეგები, რომელიც ყოველდღიურად განხორციელდება, იქნება საჯარო. პერიოდულად ჩვენ გავმართავთ ბრიფინგებს, თუმცა მე აღვნიშნავ, რომ ზუსტად იმ ადგილას, იმ გვირაბში ვიმყოფებოდი, საიდანაც შემდეგ გაჩნდა გვირაბები და სწორედ ამ საკითხზე მოგვიწია აქ შეხვედრა. მინდა აღვნიშნო, რომ იგივე მდგომარეობა დამხვდა. მინდოდა ეს ყველაფერი თქვენთვისაც მეჩვენებინა, თუმცა, ვინაიდან ადგილზე არ შემხვდით, გადავწყვიტე აქ მოვსულიყავი და გაგსაუბრებოდით" - აღნიშნა მინისტრმა. 

 

 

  

კომენტარები