საყდრისი

პრემიერი: არავის დაუმტკიცებია, რომ საყდრისში იყო უძველესი ოქროს მაღარო

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ყველას" მოუწოდებს, საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით სპეკულაციები დაასრულოს. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, "აქ ცალსახად ითქვა ყველაფერი - ექსპერტებმა დადეს დასკვნა".

პრემიერის განცხადებით, "არავის დაუმტკიცებია, რომ საყდრისში იყო უძველესი ოქროს მაღარო".

"ეს არ მტკიცდება. სამაგიეროდ, რამდენიმე თვის წინ ექსპერტების ჯგუფმა, რომელიც მუშაობდა 2 თუ 3 თვის განმავლობაში, დაადასტურეს და შესაბამისი დასკვნა წარუდგინეს მთავრობას, რის შემდეგაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ გაეგრძელებინა სამუშაოები RMG GOLD-ს. მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც წუხან - მე მესმის მათი წუხილი, რომ თითქოს ძეგლის გადარჩენას ცდილობენ. მინდა მათ შევახსენო - ამ ორგანიზაციაში დასაქმებულია 3 ათასი ოჯახი და კარგად გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრება მათ, თუ რაიმე შეფერხება შეექმნება აღნიშნულ კომპანიას. მინდა მოგიწოდოთ როგორც მინისტრს, სასწრაფოდ მოაგვაროთ ეს პრობლემა", - მიმართა ღარიბაშვილმა კულტურის მინისტრს გურამ ოდიშარიას.

ერთი კვირაა, საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები აქციას მართავენ. ისინი მადნის მოპოვების სამუშაოების განახლებას აპროტესტებენ. 

ცნობისთვის, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დასკვნის მიხედვით, საყდრისი ოქროს მომპოვებელი უძველესი მაღარო არ არის. კულტურის სამინისტრომ აღნიშნულ დასკვნაზე დაყრდნობით, გერმანულ კომპანია RMG Gold-ს საყდრისის სიახლოვეს სამუშაოების დაწყების უფლება მისცა. აღნიშნული დასკვნა საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივმა კომიტეტმა სასამართლოში გაასაჩივრა.

კომენტარები