საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა

პრემიერი: ალბათ, სააკაშვილი ბიბლიოთეკისთვის დაწერს როგორ აწამებდნენ ადამიანებს

Reuters

საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს აინტერესებს, რა უნდა ასწავლონ და წააკითხონ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. ღარიბაშვილი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

"საერთოდ, მაინტერესებს, რა უნდა ასწავლონ, რა უნდა წააკითხონ ამ ბიბლიოთეკაში? ალბათ, წიგნებს დაწერს თვითონ, როგორ აწამებდნენ ადამიანებს, როგორ აუპატიურებდნენ, კლავდნენ ქუჩებში, როგორ ართმევდნენ ბიზნესებს და ა.შ.", - თქვა ღარიბაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა თბილისში გუშინ გაიხსნა. ბიბლიოთეკა ორიენტირებულია ლიტერატურაზე, რომელიც პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებებს, არქიტექტურასა და ურბანისტიკას, ასევე მევენახეობა-მეღვინეობას ეხება.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნაზე დამსწრეებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პირდაპირი ჩართვის საშუალებით მიმართა და აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნის იდეა 2-3 წლის წინ გაუჩნდა, მას შემდეგ, რაც რეიგანის ბიბლიოთეკაში მიიწვიეს. 

"ის, რაც ეხება ბიბლიოთეკას, ეფუძნება ჩემს ხედვას წარმატებული სახელმწიფოსი. წარმატებული სახელმწიფო შესაძლებელია მხოლოდ წარმატებული ხალხის პირობებში. რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ წარმატებული ხალხი გვყავდეს?! ეს არის განათლება, განათლება და კიდევ ერთხელ განათლება", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკა გაკეთდა კერძო სახსრებით.

"ეს არის ჩემი ინვესტიცია საქართველოში", - თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის სამეურვეო საბჭოს ანდრო ბარნოვი უხელმძღვანელებს. მისი თქმით, ბიბლიოთეკა 24 აპრილიდან, შეზღუდულ რეჟიმში - 11:00 საათიდან 15:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო ორ კვირაში - მთლიანად გაიხსნება.

კომენტარები