საქართველოს პარლამენტი

TI: 28 დეპუტატს ერთი წლის მანძილზე, პლენარულ სხდომაზე განცხადება არ გაუკეთებია

მე-8 მოწვევის პარლამენტის პირველი წლის მუშაობის შეფასების ანგარიშის მიხედვით, პარლამენტის 28 წევრს საკანონმდებლო ორგანოს შეკრებიდან ერთი წლის განმავლობაში, პლენარულ სხდომაზე არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. ანგარიში საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ მოამზადა და ის 2012 წლის 21 ოქტომბრიდან (ახლად არჩეული პარლამენტის პირველი შეკრების დღე) 2013 წლის 21 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.

ანგარიშის მიხედვით, 28 დეპუტატს ერთი წლის განმავლობაში არც საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის უფლებით და არც პლენარულ სხდომაზე რაიმე ფორმით სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია, მათგან 13 უმრავლესობის წარმომადგენელია, 8 - უმცირესობის, ხოლო 7 - არც ერთს არ ეკუთვნის. გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, პარლამენტის მუშაობის ერთწლიან პერიოდში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლება 121-მა პარლამენტის წევრმა გამოიყენა, საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის უფლებით კი, 54-მა ისარგებლა.

პარლამენტის იმ 51 წევრს შორის, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში პლენარულ სხდომებზე 30-ზე მეტჯერ გამოვიდნენ სიტყვით, 28 უმრავლესობის წარმომადგენელია, 21 - უმცირესობის, 2 - არც ერთს არ ეკუთვნის.

TI-ს ანგარიშის მიხედვით, პლენარულ სხდომებზე სიტყვით გამოსვლის რაოდენობის მიხედვით ლიდერობენ ვახტანგ ხმალაძე, კობა დავითაშვილი, პავლე კუბლაშვილი, სერგო რატიანი და ზაქარია ქუცნაშვილი. ინიცირებული კანონპროექტების რაოდენობის მიხედვით კი ლიდერობდნენ ირინე იმერლიშვილი, კობა დავითაშვილი, დავით ონოფრიშვილი, ირაკლი სესიაშვილი და გიორგი ცაგარეიშვილი.

კომენტარები