TI-ს კვლევა

TI საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრს კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს და პარლამენტს რეაგირებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციამ მერვე მოწვევის პარლამენტის მუშაობის შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია ქორთიარდ მარიოტში გაიმართა.

ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის 43 წევრს (ან მისი ოჯახის წევრს) 2012 წლის ოქტომბრიდან ჰქონდა ან ისევ აქვს ბიზნესაქტივები. მათგან 28 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია, 9 კი - საპარლამენტო უმცირესობის, ხოლო 6 არცერთს არ ეკუთვნის. გარდა ამისა, ამ პარლამენტარებიდან 3 (ზვიად კვაჭანტირაძე, გიორგი თოფაძე, თამაზ ავდალიანი) აღმოჩნდა ისეთი, რომელთაც არა მარტო წილები აქვთ ან ჰქონდათ ბიზნესში, არამედ კომპანიის დირექტორებიც იყვნენ პარლამენტში საქმიანობის პარალელურად, რისი უფლებაც კანონით არ ჰქონდათ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო განმარტავს, რომ ეს პირდაპირ არ წარმოადგენს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს, თუმცა, საჭიროა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ ფაქტების შესწავლა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება. გარდა ამისა, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ პარლამენტის წევრთა გარკვეული ნაწილის მიერ წარდგენილ წლიური ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მათი მიმდინარე და წარსული ბიზნესსაქმიანობა არასრულად არის ასახული.

კომენტარები