საყდრისი

RMG GOLD: დაინტერესებული ჯგუფი მოქმედებს კომპანიის დისკრედიტაციისთვის

კომპანია RMG GOLD-ის კომერციული დირექტორი სოსო ცაბაძე მიიჩნევს, რომ დაინტერესებული ჯგუფი მიზანმიმართულად მოქმედებს კომპანიის ბიზნესსაქმიანობის დისკრედიტაციისა და შეფერხებისთვის.

"ბოლო დროს კომპანიის საყდრისის საბადოს სალიცენზიო ტერიტორიაზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, გვინდა განვაცხადოთ, რომ ე.წ. ძეგლის დამცველების და აქციის ორგანიზატორების მხრიდან ადგილი აქვს აშკარა პროვოკაციულ ქმედებებს, რომლის მიზანია დაძაბულობის შექმნა და დაპირისპირების გამოწვევა.

როგორც ცნობილია, საყდრისის საკითხი ყველა დონეზე არაერთხელ იყო განხილული ეკონომიკური, სამართლებრივი და სამეცნიერო თვალსაზრისით და ამ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის არსებობა, არ დადასტურდა. მიუხედავად ამისა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით დაინტერესებული პირების გარკვეული ჯგუფი განგებ ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ თითქოსდა კომპანია კანონის გვერდის ავლით ხელყოფს კულტურულ მემკვიდრეობას", - თქვა სოსო ცაბაძემ.

ცაბაძის თქმით, კომპანია საყდრისი-ყაჩაღიანის სალიცენზიო ტერიტორიაზე სამთო სამუშაოებს კანონის სრული დაცვით აწარმოებს და მუშაობას გააგრძელებს.

"ყველაფრის მიუხედავად, კომპანია გააგრძელებს მუშაობას, რათა განახორციელოს საქართველოს წიაღისეული რესურსების ბაზაზე სამთამადნო მრეწველობის განვითარების გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტი", - განაცხადა ცაბაძემ.

ცაბაძის თქმით, კომპანიის წინააღმდეგ მოქმედი დაინტერესებული ჯგუფები, რომელიც, მისივე ვარაუდით, ასევე კარგად დაფინანსებულნიც არიან, მიზანმიმართულად ცდილობენ RMG GOLD-ის წინააღმდეგ ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებებით შეტევას. ეს იქნება კულტურული მემკვიდრეობა, ეკოლოგიური თუ სოციალური საკითხები და შრომითი დავები. ამასთან, ცაბაძე არ აკონკრეტებს, თუ ვის მიერ შეიძლება იყოს ეს ჯგუფები დაფინანსებული. უბრალოდ, აცხადებს, რომ არ სჯერა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში იქ აქციები სპონტანურად იმართება. ასევე, მისი თქმით, ძირითადად, ამ აქციებს მართავს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარინე მიზანდარი და RMG GOLD-იდან დათხოვნილი თანამშრომელი დალი მამულაშვილი.

პრესკონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ვიდეოკადრები მარინე მიზანდარის მონაწილეობით.

"ამას უკვე ვეღარ დავარქმევთ სპონტანურ აქციებს, ეს არის მიზანმიმართული, კარგად დაფინანსებული შეტევა კომპანიაზე. ვიღაცას არ უნდა, რომ RMG GOLD-მა იფუნქციონიროს იმ ტერიტორიაზე. შემდეგ საკითხში სხვა მოტივებიც ერთვება და პოლიტიკური სპეკულაციის საგანი ხდება", - აღნიშნა სოსო ცაბაძემ.

კომენტარები