ალექსანდრე ნინუას საქმე

ალექსანდრე ნინუას სასამართლო სხდომა მეხუთედ გადაიდო

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქმეზე დამამთავრებელი სასამართლო სხდომა დღეს მეხუთედ გადაიდო. მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ პროცესი ორი კვირით გადადო და 8 მაისს, 12:00 საათზე ჩანიშნა.

გადადების მიზეზი პროკურატურის შუამდგომლობა გახდა. სასამართლო პროცესზე დღეს კიდევ ახალი პროკურორი გამოცხადდა, რომელმაც საქმის გაცნობის მიზნით პროცესის 10 დღით გადადება ითხოვა. პროკურორ ირაკლი გულდედავას შუამდგომლობა პროცესის კიდევ ერთხელ გადადების შესახებ გააპროტესტა დაცვის მხარის ადვოკატმა. 

ნინუას ადვოკატმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული საქმის გასაცნობად ნახევარი საათიც საკმარისია და პროცესი არ უნდა გადაიდოს. მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ პროკურატურის კიდევ ერთხელ დაყენებული შუამდგომლობა საქმის განხილვის ხელოვნურად გაჭიანურებად შეაფასა და როგორც მოსამართლემ აღნიშნა, თუკი შემდგომ პროცესზე პროკურატურა კიდევ დააყენებს შუამდგომლობას, დღეს გამოცხადებული პროკურორის წინააღმდეგ სანქციები დაწესდება. მოსამართლის თქმით, ყველა პროცესზე ახალი პროკურორის გამოცხადება ნიშნავს, რომ ბრალდების მხარე საქმის ხელოვნურ გაჭიანურებას ცდილობს.

ალექსანდრე ნინუას ბრალად ედება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, მას გასული წლის 14 დეკემბერს ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, თუმცა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარეს პრეტენზია არ ჰქონია. როგორც ნინუას ადვოკატმა განაცხადა, ალექსანდრე ნინუამ შეგნებულად დააკავებინა პოლიციას თავი და იარაღი შეგნებულად დააგდო პოლიციის თვალწინ. ამის მიზეზი კი, როგორც დაცვის მხარე აცხადებს, ნინუაზე განხორციელებული ზეწოლები გახდა. კერძოდ, ნინუამ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით პროცესზე განაცხადა, რომ მას არაერთხელ მოსთხოვეს პროკურატურაში მისი მეგობრის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, ამის შემდეგ კი დაიწყეს მის თანამშრომლებზე ზეწოლა. ნინუამ აღნიშნა, რომ ციხის არ ეშინია და სწორედ აქედან გამომდინარე მოაწყო დაკავების პროვოცირება.

ალექსანდრე ნინუას, გარდა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა, კიდევ ერთ საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული, რომელსაც გრიფი საიდუმლო ადევს. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ნინუას დაკითხვა ამერიკის ფედერალურმა ბიურომ მოითხოვა და ქართულმა მხარემ განახორციელა საპროცესო მოქმედებები. შესაბამისად, უცნობია, რა მუხლით ედება ბრალი ნინუას საქმეზე, რომელსაც გრიფი საიდუმლო ადევს და რომელსაც აღნიშნულ საქმეზე აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არ აქვს შეფარდებული.

რაც შეეხება ადვოკატის პოზიციას, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პროკურატურის მხრიდან საქმეების გადადებაზე შუამდგომლობები ცხადყოფს, რომ ბრალდების მხარე ნინუასთვის ახალ ბრალდებას ამზადებს და სწორედ ამის გამო ითხოვს პროკურატურა დამამთავრებელი სხდომის გადადებას უკვე მეხუთედ.

კომენტარები