აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის მნიშვნელობა ახალი რუსული იმპერიისთვის

გიორგი გუშარაშვილი
0 კომენტარი

რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციამ მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეში გააძლიერა მოსკოვის მიერ მართული ეთნიკური სეპარატიზმის შიში. განსაკუთრებულად მოწყვლადია იმ ქვეყნების უსაფრთხოება, რომლებიც პუტინის ევრაზიულ კავშირთან მიერთებას არ გეგმავენ და სსრკ-ის დაშლიდან მოყოლებული, მოსკოვისგან მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ატარებენ, რის გამოც პერიოდულად ხდებიან კრემლის ზეწოლის ობიექტები.

საქართველოს გარდა, ასეთი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანიც, რომელიც გარკვეული ისტორიული, დემოგრაფიული და ეკონომიკური ფაქტორების გამო, საქართველოს მსგავსად, ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში გახდა რუსეთის საგარეო ექსპანსიის სამიზნე. სანამ სსრკ არსებობდა და აზერბაიჯანს კომპარტია განაგებდა, მოსკოვის ხელისუფლება აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას უჭერდა მხარს და მთიან ყარაბაღში სომხური სეპარატიზმის კერის განელებას ცდილობდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ საბჭოთა კავშირის შენარჩუნება შეუძლებელი იყო და რუსეთს თავის სამხრეთ საზღვარზე ორი ახალი მეზობელი სახელმწიფო ეყოლებოდა, მოსკოვმა მეზობელი ქვეყნების დესტაბილიზაციის, დაშლის და დამორჩილების ის სტრატეგიები, რასაც საბჭოთა პერიოდში თურქეთისა და ირანის წინააღმდეგ იყენებდა, ახალი მეზობლების მიმართ აამუშავა.

აქცია სტეპანაკერტში. მთიანი ყარაბაღი. 1991
აზერბაიჯანის შემთხვევაში რუსეთის ამგვარი პოლიტიკის მიზეზი, ერთი მხრივ, ამ ქვეყნის თურქეთთან და ცენტრალური აზიის თურქულენოვან ქვეყნებთან კულტურული სიახლოვეა, მეორე მხრივ კი, ნავთობისა და გაზის დიდი რეზერვები. აზერბაიჯანის, ისევე როგორც ცენტრალური აზიის, ენობრივი და რელიგიური ერთიანობა თურქეთთან, კრემლს იმის ფიქრის საფუძველს აძლევდა, რომ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ეს ქვეყნები სწრაფად მოექცეოდნენ NATO-ს წევრი და რეგიონში მსხვილი გეოპოლიტიკური აქტორის გავლენის ქვეშ.

აზერბაიჯანის ენერგორესურსები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო და არის რუსეთის კავკასიური პოლიტიკის შემუშავების კონტექსტში. აზერბაიჯანული ნავთობის და გაზის ექსპორტი რეგიონის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოშიც, ენერგობაზარზე რუსული პოზიციების შესუსტებას უწყობს ხელს. კიდევ უფრო არახელსაყრელია რუსეთისთვის აზერბაიჯანული ენერგორესურსების ექსპორტი დასავლეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, რადგან ეს ევროპის დამოკიდებულებას რუსულ ნავთობსა და გაზზე ამცირებს და, პარალელურად, აზერბაიჯანის (და სატრანზიტო ქვეყნის, საქართველოს) დამოუკიდებლობის განმტკიცებას უწყობს ხელს, რამდენადაც ეს დამოუკიდებლობა ევროპელებისთვის ეკონომიკურადაც ფასეული ხდება.

აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა

რუსეთის განსაკუთრებულ ინტერესს აზერბაიჯანისადმი ის ფაქტიც განაპირობებს, რომ აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიის ყველაზე დიდი და მდიდარი ქვეყანაა, რომელსაც 9-მილიონიანი მოსახლეობა ჰყავს. აზერბაიჯანის მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 4-ჯერ აღემატება საქართველოსას, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით – თითქმის ორჯერ. დემოგრაფიული ფაქტორის კომბინაცია ენერგორესურსების გაყიდვით მიღებულ მაღალ შემოსავლებთან, აზერბაიჯანის სამხედრო სიძლიერეს განაპირობებს. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული, ბაქო სამხედრო სფეროში წარმატებით თანამშრომლობს თურქეთთან და ისრაელთან, რომელთაგანაც დიდი რაოდენობით თანამედროვე იარაღს იძენს.

მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანი დღემდე რჩება დიქტატურად ალიევის ოჯახური კლანის მმართველობის ქვეშ. რეჟიმის დიქტატორული ხასიათის გამო, აზერბაიჯანს, საქართველოსაგან განსხვავებით, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების არც შანსი აქვს და არც მისწრაფება. დასავლეთთან თანამშრომლობა შემოიფარგლება ნავთობის ექსპორტით და რუსულ-სომხურ-ირანული ალიანსის დაბალანსების მიზნით თურქეთთან და ისრაელთან სამხედრო კოოპერაციით.

მიუხედავად ამისა, ზემოაღნიშნული ფაქტორების გამო, აზერბაიჯანი მაინც რჩება რუსეთის მთავარ სამიზნედ სამხრეთ კავკასიის რეგიონში. აზერბაიჯანზე მოსკოვის კონტროლის ხელახალი აღდგენა მთელი კასპიის ზღვის რეგიონის ენერგორესურსებს ისევ რუსეთის ხელში მოაქცევს და საქართველოსაც დააკარგვინებს ენერგოდამოუკიდებლობას, რაც მოსკოვის მიერ ჩვენი ქვეყნის ხელახალი დამორჩილების საწინდარი შეიძლება გახდეს.

პოტენციური ეთნოკონფლიქტები

აზერბაიჯანის გეოპოლიტიკურმა მნიშვნელობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა კრემლის მიერ ყარაბაღის ომის დროს (1991-1994 წწ.) სომხეთის იარაღით მომარაგების საქმეში. კრემლის თვალთახედვით, მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე ტერიტორიების დაკარგვამ აზერბაიჯანი დაასუსტა, ხოლო სომხეთი მომავლისთვისაც რუსეთის სამხედრო დახმარებაზე დამოკიდებული გახადა.

თუმცა მთიანი ყარაბაღი არ ყოფილა აზერბაიჯანის ერთადერთი რეგიონი, სადაც სეპარატისტულ განწყობებს ჰქონდა ადგილი. რუსეთის აქტიური ხელშეწყობით 1990-იანი წლების პირველ ნახევარში აზერბაიჯანის ჩრდილოეთ რაიონებში მცხოვრებ ლეკთა შორის, ნაციონალისტურმა მოძრაობა სადვალმა მოიკიდა ფეხი, რომელიც ჯერ ლეკთა ავტონომიის შექმნას მოითხოვდა, მერე კი, ყარაბაღის ფრონტზე აზერბაიჯანული არმიის მიერ განცდილი მარცხის პირობებში, დაღესტნისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებისაგან ავტონომიური ლეკური სახელმწიფოს შექმნას უკვე რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.

სადვალი დღემდე ლეგალურად მოქმედებს დაღესტანში და გარკვეულ ზეგავლენას ინარჩუნებს აზერბაიჯანის ლეკურ მოსახლეობაზე, რომლის დიდი ნაწილი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ყუსარისა და ხაჩმაზის რაიონებში ცხოვრობს. ეს რაიონები უშუალოდ ესაზღვრებიან დაღესტანს და დაღესტანში ლეკთა განსახლების არეალს.

აზერბაიჯანში მცხოვრები ლეკური მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა უცნობია ასიმილაციის მაღალი დონის გამო. და აზერბაიჯანის ხელისუფლება მოსახლეობის აღწერებში, სავარაუდოდ, მათ რიცხვს ხელოვნურად ამცირებს, რათა სადვალის პროპაგანდას ნიადაგი გამოაცალოს. ოფიციალური მონაცემებით, ლეკები აზერბაიჯანის მხოლოდ ერთ, ყუსარის რაიონში წარმოადგენენ მოსახლეობის უმრავლესობას.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე აზერბაიჯანში, კერძოდ კი, ისტორიული საინგილოს ტერიტორიაზე, ბელაქნისა და ზაქათალის რაიონებში მცხოვრები მეორე დაღესტნელი ხალხი, ავარიელები. ისინი, მართალია, ლეკების მსგავსად პოლიტიკურად არ არიან ორგანიზებულნი, თუმცა ყოფით დონეზე პერიოდული კონფლიქტები აზერბაიჯანის სამთავრობო ორგანოებთან არცთუ იშვიათია.

ავარიელებიც და ლეკებიც ისლამის სუნიტური მიმართულების აღმსარებლები არიან და აზერბაიჯანის შიიტური უმრავლესობისგან რელიგიური ნიშნითაც გამოირჩევიან. მიუხედავად ამისა, ძნელი სათქმელია, რამდენად პოპულარულია მათ შორის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ინტერვენციის მეშვეობით სეპარატისტული წარმონაქმნების შექმნის იდეა. რუსეთის პოლიტიკა დაღესტანსა და ჩრდილო კავკასიის სხვა რესპუბლიკებში ნაკლებად მიმზიდველს ხდის ამ ქვეყნის პროტექტორატის ქვეშ ყოფნას. ამასვე ემატება ზემოთ ნახსენები ასიმილაციის მაღალი დონე, რაც ბაქოს ცენტრალური ხელისუფლებისადმი აზერბაიჯანელი ლეკებისა და ავარიელების ლოიალობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. სოციალური უკმაყოფილების ფონზე სეპარატისტული განწყობების ზრდაც ძნელი წარმოსადგენია, რადგან აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბოლო წლებში ნავთობის ექსპორტის მეშვეობით მიღებული მაღალი შემოსავლებით ქვეყანაში სოციალური უკმაყოფილების განმუხტვა შეძლო.

აზერბაიჯანის კიდევ ერთი პოტენციური სეპარატისტული რეგიონი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, მდინარე არაქსის გადაღმა მდებარე თალიშის პროვინციაა. აქ მოსახლეობის ნაწილი სპარსულთან მონათესავე თალიშურ ენაზე საუბრობს. 1993 წელს უკვე ჰქონდა ადგილი სეპარატისტული „თალიშ-მუღანის ავტონომიური რესპუბლიკის" გამოცხადებას, რომელმაც ადგილობრივების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და მხოლოდ ორი თვე გასტანა. სეპარატისტული რესპუბლიკის მესვეურებმა წარუმატებელი coup-ის შემდეგ რუსეთში ჰპოვეს თავშესაფარი. ლეკების მსგავსად, თალიშებიც მაღალი ხარისხით არიან ასიმილირებულნი აზერბაიჯანელებთან და მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია, რის გამოც სეპარატიზმის პერსპექტივები ამ რეგიონშიც ძნელი განსაჭვრეტია.

რუსულ სამხედრო ინტერვენციას თალიშის პროვინციაში ის ფაქტიც შეაფერხებს, რომ ამ რეგიონს რუსეთთან სახმელეთო საზღვარი არ გააჩნია და მხოლოდ კასპიის ზღვიდან რუსული სამხედრო დესანტის გადმოსხმის შემთხვევაში შეიძლება იქ სეპარატიზმის გაღვივება.

ყარაბაღის ფაქტორი

საომარი მოქმედებები მთიან ყარაბაღში. 1993
რუსული აგრესიის კიდევ ერთი შესაძლო ასპარეზი შეიძლება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი გახდეს. ყარაბაღი მართალია გაყინულ კონფლიქტად ითვლება, მაგრამ სომხეთსა და აზერბაიჯანს დღემდე მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება აქვთ ხელმოწერილი, რომელიც პერმანენტულად ირღვევა.

სომხეთის სამხედრო იერიში და აზერბაიჯანის ახალი ტერიტორიების დაკავება მხოლოდ რუსული სამხედრო შენაერთების აქტიური ჩარევის შემთხვევაშია შესაძლებელი, რადგან სომხეთი სამხედრო თვალსაზრისით აზერბაიჯანზე სუსტია და თავისი არმია აღმოსავლეთი საზღვრის პერიმეტრზე თავდაცვითი, და არა შეტევითი ბრძოლებისთვის ჰყავს მომზადებული. გარდა ამისა, ახალი აზერბაიჯანული ტერიტორიების ოკუპაცია სომხეთის სრულ საერთაშორისო იზოლაციას გამოიწვევს, რაც სომხებისთვის, შესაძლოა, რუსული ინტერესებისთვის გადახდილი ზედმეტად მაღალი საფასური აღმოჩნდეს.

მიუხედავად ამისა, ყარაბაღის ფრონტის ხაზი იოლად შეიძლება გახდეს რუსეთისათვის აზერბაიჯანის წინააღმდეგ ღია და ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების საბაბი, თუკი ყირიმის შემთხვევაში უფრო ნაკლებად დასაბუთებული პრეტექსტიც კი საკმარისი აღმოჩნდა. საჭირო საბაბის მოძებნის შემდეგ რუსეთისათვის ყველაზე მოხერხებული იქნება კასპიის ზღვაში ნავთობის რაფინერიებზე და დედაქალაქ ბაქოზე შეტევა, რისთვისაც 2010 წლიდან მუდმივი გაძლიერების და დამატებითი აღჭურვის რეჟიმში მყოფი კასპიის რუსული სამხედრო ფლოტი იქნება გამოყენებული.

საქართველოს როლი

აზერბაიჯანის ერთადერთი მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც ბაქოს მეგობრული და სამოკავშირეო ურთიერთობაც კი აქვს, საქართველოა. საქართველო იმავდროულად არის აზერბაიჯანული ენერგიის რუსეთისა და ირანისაგან დამოუკიდებელი ტრანსპორტირების ერთადერთი დერეფანი და დასავლეთთან დამაკავშირებელი ხიდი.

აქედან გამომდინარე, კრემლის მიერ აზერბაიჯანის „მოშთობის" ერთ-ერთი სტრატეგია თავდაპირველად საქართველოზე კონტროლის დამყარება იქნება. თუ რა საფრთხეები მოელის ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით, მკითხველისთვის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან არის ცნობილი. რუსეთის გაძლიერებული სამხედრო ყოფნა და პერმანენტული მანევრები ჩრდილო კავკასიაში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „ბორდერიზაციის" მცდელობა და ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სცენაზე პრორუსული ძალების გააქტიურება, საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის მიზნით კრემლის კოორდინირებული და მრავალწახნაგიანი მოქმედების სიმპტომია. აზერბაიჯანთან ჩვენი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობა უკვე არსებული გეოპოლიტიკური ალიანსის განმტკიცების მიზნით, ამ საფრთხეების თავიდან აცილებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები