კრიზისი უკრაინაში

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, იმოქმედოს უკრაინაში მკვლელობების შესაჩერებლად

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, გამოიყენოს საკუთარი ბერკეტები აღმოსავლეთ უკრაინაში ადამიანების გატაცებისა და მკვლელობის დაუყოვნებელი შეჩერებისთვის. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ქეთრინ ეშტონის პრესმდივანმა, მაიკლ მანმა განაცხადა. ამ განცხადებით ევროკავშირი, პარტია ბატკივშინას წევრის ვლადიმირ რიბაკის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა.

"მოვუწოდებთ ჟენევის მოლაპარაკების ყველა მონაწილე მხარეს, დარწმუნდნენ, რომ მოლაპარაკებების ყველა პირობა სრულდება. კერძოდ კი, მოვუწოდებთ რუსეთს გამოიყენოს საკუთარი ბერკეტები აღმოსავლეთ უკრაინაში ადამიანების გატაცებისა და მკვლელობის დაუყოვნებელი შეჩერებისთვის", - აღნიშნა მაიკლ მანმა.

უკრაინის დონეცკის ოლქში ქალაქ გორლოვკას ქალაქის საბჭოს დეპუტატის, პარტია ბატკივშჩინას წევრის ვლადიმირ რიბაკის და კიდევ ერთი ადამიანის ნაწამები ცხედრები აღმოაჩინეს. რიბაკი 17 აპრილს პრორუსმა სეპარატისტებმა ქალაქ გორლოვკის ცენტრში გაიტაცეს, როდესაც ადმინისტრაციული შენობიდან რუსული დროშის ჩამოხსნას ცდილობდა. გამოძიების მტკიცებით, მკვლელობაში ქალაქ სლავიანსკში მყოფი რუსული ტერორისტული დაჯგუფების წევრები მონაწილეობდნენ.

კომენტარები