აგრარული უნივერსიტეტის საქმე

ბენდუქიძე აგრუნის საქმეზე გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს

აგრარულ უნივერსიტეტს 400 000-ლარიანი საბანკო გარანტიის ვადა 24 ივლისამდე გაეზარდა. გარანტიის გაგრძელება ეკონომიკის სამინისტრომ ითხოვა. უწყებაში აცხადებენ, რომ ინვესტიციების განხორციელება ბოლომდე ჯერ არ დადასტურებულა და სამინისტრომ გარანტიის გაგრძელება ამ მიზეზით მოითხოვა. ცოდნის ფონდს 2013 წლის 24 დეკემბრამდე აგრარულ უნივერსიტეტში 8 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, რის გარანტიადაც უნივერსიტეტის კუთვნილი თანხა - 400 000 ლარი ჩაიდო. 2 წლის განმავლობაში ფონდმა უნივერსიტეტის განვითარებისთვის 17 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა და სასწავლებლის ხელმძღვანელობის განცხადებით, საბანკო გარანტიის საჭიროება არ არსებობს. აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია პროკურატურაშიც. საგამოძიებო უწყება სასწავლებლის პრივატიზაციის პროცესს სწავლობს. კახა ბენდუქიძე გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. 

”გამოძიება მიმდინარეობს, გრძელდება აქტიურად. მიზანია, რამე რომ იპოვონ. ერთადერთი, რასაც შეიძლება დავუკავშირო, ეს არის პოლიტიკური სიტუაცია. უამრავი მსგავსი დარიგება მოახდინა სახელმწიფომ ბოლო წლის განმავლობაში და წინა პერიოდშიც. რატომღაც მხოლოდ ეს გახდა გამოძიების საგანი, რაც აშკარად მიუთითებს ტენდენციურობაზე”, - აღნიშნა ბენდუქიძემ.

ბენდუქიძემ დღეს კომენტარი კოალიცია ქართული ოცნების წევრის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებაზეც გააკეთა. ხაჭაპურიძემ გაზეთ ასავალ-დასავალთან საუბარში განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ კახა ბენდუქიძეს და გიგა ბოკერიას დააკავებენ. ”ბატონი შალვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, ე.ი. ისეთი რაღაც იცის, რაც მე არ ვიცი”, - თქვა ბენდუქიძემ.

18 მარტს პროკურატურამ აგრარული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძე და რექტორი ლაშა გოცირიძე დაკითხა. მთავარი პროკურატურის განცხადებით, საქმე ეხება საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების პრივატიზებას.  

კომენტარები