აღმოსავლეთ პარტნიორობა

მარგველაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგგარეშე სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს პრაღაში აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგგარეშე სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი წლისთავის აღსანიშნავად გაიმართება. 

24-25 აპრილის სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერები.

საქართველოს მხრიდან სამიტში მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. გაიმართება კონფერენცია, რომლის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიღწეული პროგრესის შეფასება და სამომავლო განვითარების გზების დასახვა.

კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვა, სადაც ისაუბრებს საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

2009 წლის მაისში, სწორედ პრაღაში, როგორც ევროკავშირის საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე ქვეყნის დედაქალაქში, გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი სამიტი. პრაღის სამიტმა განსაზღვრა პარტნიორობის მიზნები და საფუძველი ჩაუყარა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორების თანამშრომლობის გაღრმავებას. 

კომენტარები