სატელეფონო მოსმენები

შსს: ეს არის არასერიოზული ექსპერიმენტი გოგა ხაჩიძის მხრიდან

შინაგან საქმეთა სამინისტროში საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გოგა ხაჩიძის ექსპერიმენტს არასერიოზულს უწოდებენ.

სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის თქმით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე პრემიერმინისტრის სახლთან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ყოველთვის არიან მობილიზებული.

"ეს არის არასერიოზული ექსპერიმენტი მისი მხრიდან, რადგან პრემიერის სახლთან, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, ყოველთვის ხდება პერიმეტრის დაცვა და იქ ყოველთვის არიან მობილიზებული შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი", - აღნიშნა გიორგობიანმა.

დეპუტატი გოგა ხაჩიძე ამტკიცებს, რომ პარლამენტარების სატელეფონო საუბრებს უსმენენ. მისი თქმით, ამას ექსპერიმენტი ადასტურებს, როდესაც დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძეს დაურეკა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან "დაგეგმილი აქციის" შესახებ ესაუბრა. ამის შემდეგ, როგორც ხაჩიძე ამბობს, ღარიბაშვილის სახლთან, მოსეშვილის ქუჩაზე სამართალდამცველები გამოჩნდნენ.

კომენტარები